ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
ბრალდებულთა ასაკი 17-დან 28 წლამდეა. მათ შორის სამი პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, 27 წლის ტომას კენედის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე ოთხ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გოგა კუპრეიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გორის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში შეხვდნენ.
ბრალდებულები იქ ალკოჰოლს სვამდნენ და მუსიკალურ ნომრებს ასრულებდნენ, რა დროსაც მათთან ბრიტანეთის მოქალაქე ტომას კენედი მივიდა, რომელიც, როგორც სოციალური ქსელებიდან ირკვევა, მუსიკით იყო გატაცებული. მოგვიანებით მათ ერთად გადაინაცვლეს გორის ერთ-ერთ ბარში, სადაც უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონფლიქტი დაიწყო.
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გორში ბრიტანელი ტურისტის მკვლელობა: ხუთ პირს ბრალდება წარედგინა
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხმა ბრალდებულმა კენედის ძარცვა გადაწყვიტა და მის მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს ძალადობით დაეუფლა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მტკვარში გადააგდეს, თვითონ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. ცხედარი მტკვარმა მეორე დღეს სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა. გამოძიების ინფორმაციით, მეხუთე პირმა მომხდარის შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ სამართალდამცველებს ინფორმაცია არ მიაწოდა.
საგამოძიებო უწყება ოთხ დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ერთს – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.
მუსიკოსი გიტარაზე უკრავს - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
ვინ არის გორში მოკლული ახალგაზრდა ბრიტანელი
იმ ბრალდებულის ძმა, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, აცხადებს, რომ მის ძმას დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
„ჩემს ძმას ედავებიან, რომ იცოდა ინფორმაცია და არ მიაწოდა პოლიციასო. ჩემმა ძმამ არანაირი ინფორმაცია არ იცოდა, კამერებშიც ჩანს, რომ ჩემი ძმა არც გაჰყოლია და არც დაუნახავს... მე როგორც ვიცი, როცა დააკავეს ეგენი, მერე გაიგო ჩემმა ძმამ ეგ ინფორმაცია. არ ვეთანხმები პოლიციის და სასამართლოს გადაწყვეტილებას", – განაცხადა მან.
დანარჩენი ოთხი ბრალდებულის უფლებადამცველები სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებიდან არც ერთი პირი ბრალდებას არ ეთანხმება. ისინი აცხადებენ, რომ უდანაშაულო არიან.
ყველა ახალი ამბავი
0