რას ითვალისწინებს კანონი სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით – იურისტი

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
როდესაც ერთი ქვეყნის მოქალაქე დანაშაულს ჩადის სხვა სახელმწიფოში, ექსტრადიციის პროცედურა აღარ მოქმედებს, განაცხადა იურისტმა.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინის მოქალაქეობა და უკრაინაში მაღალი თანამდებობა სააკაშვილის საქართველოდან ექსტრადიციის საფუძველს არ წარმოადგენს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ადვოკატმა და უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გეგმავს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით პირადად იზრუნოს.
„ექსტრადიციის პროცედურა არ ეხება სააკაშვილის შემთხვევას. რადგან ექსტრადიციის პროცედურა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ბრალდებულმა კანონი დაარღვია სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეცაა. მაგალითად, სააკაშვილის შემთხვევაში, მას დანაშაული უკრაინაში რომ ჩაედინა, მაშინ ექსტრადიციის პროცედურა დაიწყებოდა“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
იურისტის სიტყვებით, როდესაც ერთი ქვეყნის მოქალაქე დანაშაულს ჩადის სხვა სახელმწიფოში, ექსტრადიციის პროცედურა აღარ მოქმედებს, მან სასჯელი იმ ქვეყანაში უნდა მოიხადოს, სადაც დანაშაული ჩაიდინა.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
ნიკა გვარამია: რა შემთხვევაში შეწყვეტს სააკაშვილი შიმშილობას
ამასთან, ნიკოლაიშვილი ასახელებს მხოლოდ ერთ შესაძლო ვარიანტს, რა შემთხვევაშიც ყოფილი პრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემა იქნება შესაძლებელი: თუ ოფიციალური კიევი მოლაპარაკებას გამართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და განაცხადებს, რომ თანახმაა სააკაშვილმა სასჯელი უკრაინაში მოიხადოს.
„თუ ქართული მხარე დასთანხმდება, რომ სააკაშვილმა სასჯელი უკრაინაში მოიხადოს, ასეთ შემთხვევაში მისი იქ გადაყვანა შესაძლებელია. მაგრამ ეს ექსტრადიცია არ არის“, - აღნიშნა მან.
ნიკოლაიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი გადაცემა არ გულისხმობს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას სასჯელისგან.
„სააკაშვილის გადაცემის შემთხვევაში შესაძლებელია მისი ფორმალურად შეწყალება. ამის შემთხვევები არსებობს. თუმცა, როგორც წესი, გადამცემი მხარე აყენებს პირობას, რომ მისი თანხმობის გარეშე მსჯავრდებულს არ შეიწყალებენ. ამიტომ ასეთი პირობა შეიძლება წამოაყენოს საქართველომაც, ან არც წამოაყენოს“, - აღნიშნა იურისტმა.
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
როდის ხდება პირის ექსტრადირება – ზალკალიანის განმარტება სააკაშვილთან დაკავშირებით
გარდა ამისა, იურისტის სიტყვებით, საქართველოსა და უკრაინას შორის არ არსებობს ორმხრივი შეთანხმება მსგავსი შემთხვევებისთვის. ამიტომ მოლაპარაკება მხარეებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე ცალ-ცალკე შეუძლიათ.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
ყველა ახალი ამბავი
0