ტელეკომპანია „ფორმულას“ არაფერი არ ემუქრება - თავდაცვის სამინისტროს განცხადება

© Sputnik / Alexander Imedashviliტელეკამერა
ტელეკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
ხელისუფლება ყოფილ მინისტრს 5 მილიონი ევროს ოდენობით სახელმწიფო სახსრების მიტაცებაში ადანაშაულებს
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, აღკვეთოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით.
არჩევნებამდე ორი დღით ადრე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მიყენებული ზარალის კომპენსაცია მოითხოვა.
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ეხება მხოლოდ ერთ ეპიზოდს - 5 მილიონი ევროს ოდენობით სახელმწიფო სახსრების მიტაცებას.
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამ საქმეს მედიაზე ზეწოლად აფასებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტრო იზიარებს სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიული ფასეულობების მნიშვნელობას და ამიტომ მიზნად არ ისახავს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოვალის ქონების, ამ შემთხვევაში ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის დაყადაღებას.
„თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. მით უმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით აფინანსებს.
ტელეკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
ახალი საქმე კეზერაშვილის წინააღმდეგ - საფრთხე მედიისთვის თუ სასჯელი კორუფციისთვის
ტელეარხ „ფორმულას“ შესაძლო დაყადაღების შესახებ ინფორმაცია უარყვეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც სარჩელით თავდაცვის სამინისტრომ მიმართა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიასაშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს სარჩელს გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მუშაობას, განსაკუთრებით კი ადგილობრივი არჩევნების წინ.
„სახეზეა „ტვ ფორმულას“ დახურვის განზრახვა! მთელი ჩანაფიქრი ნათელია - არჩევნებში მოსალოდნელი ფიასკოს შიშით, დაიწყო ახალი ტალღა კრიტიკულ მედიაზე „სამართლებრივი" შტურმის! დამოუკიდებელი მედიის სადისკრედიტაციო კამპანიასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაემატება ივანიშვილის მცდელობა, ფიზიკურად დაადუმოს „ფორმულაც“ და სხვა მედიებიც“, - განაცხადა კეზერაშვილმა.
ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას სურს ხელი შეუშალოს ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნებას, რომლებსაც „ფორმულას“ დაკვეთით კომპანია Edison Research ტელეკომპანიის ეთერში 2 ოქტომბერს 20:00 საათზე გამოაქვეყნებს.
ასეთივე პოზიცია აქვს ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურ დირექტორ ზუკა გუმბარიძეს. ტელეკომპანიის საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია უკვე დაუკავშირდა Edison Research-ს და მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში არჩევნების დღეს ეგზიტპოლები პირდაპირ ეთერში გამოქვეყნდება.
იური ეხანუროვი და დავით კეზერაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს
ტელეკომპანია „ფორმულა“ ქართულ მედიასივრცეში 2019 წლის ოქტომბერში გაჩნდა. მისი მფლობელის, დავით კეზერაშვილის თქმით, ოპოზიციური ტელეარხის გახსნის სურვილი მას გაუჩნდა თბილისში 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია დაარბია.
კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში იკავებდა. საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავით კეზერაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე წარუდგინეს, რომელთაგან ოთხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2013 წელს კეზერაშვილი, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, ინტერპოლმა ძებნაში გამოაცხადა, თუმცა 2015 წელს მისი გვარი ძებნილთა სიიდან ამოიღო. კეზერაშვილი ასევე ისრაელის მოქალაქეა, ცხოვრობს ლონდონში და ბიზნესით არის დაკავებული. ბოლო დროს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ტელეარხ „ფორმულას“ აფინანსებს.
საქართველოს ხელისუფლება კეზერაშვილის ექსტრადიციას ორჯერ მოითხოვდა - პარიზში 2013 წლის ოქტომბერში და შემდეგ ლონდონში, 2016 წლის აპრილში. ორივეჯერ ევროპულმა სასამართლოებმა ყოფილი მინისტრის ექსტრადიციაზე უარი თქვეს.
ყველა ახალი ამბავი
0