ბილეთი ერთი მიმართულებით: პოლიტელიტა სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით

© photo: Sputnikთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
ექს-პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებას პოლიტიკურ წრეებში სკეპტიკურად უყურებენ, ოპტიმიზმით მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა" განწყობილი.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – ორშაბათს, საღამოს საკუთარ Facebook-გვერდზე ექს-პრეზიდენტმა თბილისში გამოფრენის დამადასტურებელი ავიაბილეთის ჯავშნის ფოტო გაავრცელა.
„კიევი–თბილისის“ ავიარეისზე ბილეთი 2 ოქტომბრითაა დათარიღებული, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ჩამოფრენის დროდ მითითებულია 23:05 საათი.
თუმცა, მიუხედავად ამისა, სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას ეჭვის თვალით უყურებენ არა მარტო მმართველ პარტიაში, არამედ ოპოზიციაშიც.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
სოციალურ ქსელებში სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს აქტიურად განიხილავენ
პარლამენტის დეპუტატის, პარტია „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას სურვილია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრთან ნაძლევი დადოს.
ხვიჩია მზადაა „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერ წევრს „საკუთარი პარტიის ვალუტაზე, ას მილიონ ქართულ დოლარზე“ დაენაძლევოს.
„ნაციონალურ მოძრაობაში" ვეძებ ადამიანს, რომელიც ახლა მაინც დამენაძლევება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. რა თქმა უნდა, შეიძლება ის მართლა ჩამოვიდეს, მაგრამ ეს დიდი რისკი იქნება... ჩვენ ახლა „პორშეს“ ვათამაშებთ და თუ სააკაშვილი ჩამოვა, მას „პორშეთი“ მივაცილებთ მისთვის სასურველ ადგილზე", – განაცხადა ხვიჩიამ.
ექს-პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლას მიესალმება პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც სულ ახლახან ჩამოაყალიბა სააკაშვილის დაბრუნების მომხრეთა მოძრაობა. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის ესოდენ რთულ მომენტში სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება აუცილებელია.

„პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან მგზავრობას ვუსურვებ! „კიევი–თბილისი“ ისტორიული რეისია! ბევრჯერ შეგვეშალა და ამ ერთხელ აღარ შეგვეშალოს, ძვირფასებო! საქართველოს სჭირდება მაშტაბური ფიგურა ამ გაჭირვების ჟამს, სახელმწიფოს ვკარგავთ“, – დაწერა ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა მისთვის და პარტიის სტრატეგიისთვის არაფერს ცვლის.
„ოპოზიციასთან ერთად ჩვენ ვკონცენტრირდებით სერიოზულ მიღწევებზე, რათა ქვეყანა ამ ვითარებიდან გამოვიყვანოთ. ვინ ვის შეხვდება, როგორ შეხვდება, ვინ გაბრაზდება, ვინ არ გაბრაზდება, ყოველივე ეს ახლა ჩემთვის მეორეხარისხოვანია... ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება ოპოზიციას გააძლიერებს, მიაჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს პეტრე ცისკარიშვილს.
ირაკლი ღარიბაშვილი  - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
„აეროპორტიდან პირდაპირ ციხეში" – პრემიერი სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ჩამოსვლის დროდ შემთხვევით არ აირჩია 2 ოქტომბრის საღამო, რამდენადაც ამ დროს საარჩევნო უბნებზე ოპოზიციისა და მისი მომხრეების გააქტიურება აუცილებელი იქნება.
„მიშა ჩამოდის ორ რიცხვში, საღამოს, როდესაც უბნებზე ხმების დათვლის პროცესი იქნება. რისთვის უნდა დაიჭირონ, პიჯაკების საქმისთვის თუ საპონი რომ იყიდა სხვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის? ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის გასაგებია, რომ მიშას წინააღმდეგ აბსურდული საქმეა შეთითხნილი. ეს იქნება პოლიტიკური დაჭერა და პოლიტიკური დევნა. 2 ოქტომბრის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური დაჭერების თავი არ ექნება“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
სააკაშვილი რომ ვერ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ამაში დარწმუნებულია ყოფილი რაგბისტი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით კაჭარავა. მისი თქმით, სააკაშვილი ვერ ჩამოვა არა მარტო შიშის გამო, არამედ იმიტომაც, რომ იცის, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა და არ ჩამოვა, იმიტომ რომ მშიშარაა. ნებისმიერი პარტია არის ხალხის მხარდაჭერა, „ქართულ ოცნებას" დღეს ხალხის ისეთი მხარდაჭერა აქვს, რომ ყველაფერი ნათქვამია ამით", – განაცხადა კაჭარავამ.

აღნიშნული საკითხისადმი გულგრილადაა განწყობილი „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, ახლა მთავარი არჩევნებია და არა სააკაშვილის ჩამოსვლა, რომელსაც არ შესწევს უნარი, მიაღწიოს ოპოზიციის მთავარ მიზანს – ხელისუფლების ცვლილებას.
„ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილებაზე და არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ მთავარ მიზანზე – მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე“, – განაცხადა ვაშაძემ.
როგორც სააკაშვილმა საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა, იგი საქართველოში ბრუნდება, რათა „დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ნება“. როგორც ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ამოძრავებს არა პირადი ამბიციები, არამედ „ბავშვების მომავალზე“ ზრუნვა.
ყველა ახალი ამბავი
0