„ჯერჯერობით უმუშევარი ვარ“ – შოთა არველაძე წარუმატებელი მოლაპარაკებების შესახებ

© courtesy of Shota Arveladzeშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
არველაძის თქმით, მას მრავალი წინადადება შესთავაზეს, მაგრამ ერთ რომელიმე კონკრეტულზე შეჩერება ჯერ ვერ მოახერხა.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ტაშკენტის „ფახთაქორის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე კვლავ უმუშევარია. ამის შესახებ მან უზბეკურ გამოცემა sports.uz-თან ისაუბრა.
არველაძის კონტრაქტი უზბეკურ კლუბთან გასული წლის დეკემბერში დასრულდა და მას შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას ის არ დაბრუნებია.
„ტყუილია, რომ „ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას ჩემი დაბრუნება უნდოდა. ასევე არაა სიმართლე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე უნდოდათ ჩემი დანიშვნა“, – განაცხადა არველაძემ გამოცემასთან ინტერვიუში.
ქართველმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა.
„არ დავმალავ – მოლაპარაკებები იყო, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. მათ ჩემი პირობები არ აწყობდათ, მე – მათი. იყო შემოთავაზებები ნიდერლანდიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, კატარიდან. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მოლაპარაკებების ფინალურ სტადიაზე პროცესს რაღაც აკლდა. ამიტომ არ ვმუშაობ დღემდე“, – აღნიშნა არველაძემ.
შოთა არველაძის თქმით, ახლა სტამბულში ცხოვრობს. ბევრ დროს ატარებს ოჯახთან, მაგრამ ფეხბურთისთვისაც რჩება დრო. ესწრება მატჩებს თურქეთში და თუ არის შესაძლებლობა – ესპანეთშიც.
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2020
არველაძის ტრიუმფი უზბეკეთში: „ფახთაქორი“ ქვეყნის თასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა
„დარწმუნებით ვერ ვიტყვი, სად გავაგრძელებ საქმიანობას, ხვალ რომელ კონტინენტზე აღმოვჩნდები. რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ევროპის რომელიმე სერიოზულ კლუბს ავირჩევდი“, – განაცხადა არველაძემ.
არველაძე „ფახთაქორს“ სამი სეზონის განმავლობაში ედგა სათავეში. ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ორჯერ – უზბეკეთის თასის მფლობელი და ერთხელ ლიგის თასზე გაიმარჯვა.
არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ АZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „ქაისერისპორთან“, „ქასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში.
ყველა ახალი ამბავი
0