თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ტაშკენტის ფეხბურთის კლუბი „ფახთაქორი“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე წვრთნის, ზედიზედ მესამედ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.
ფინალში ტაშკენტის „ფახთაქორი“ „ოლმალიკს“ შეხვდა, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს – ნახევარმცველი გუჯა გრიგალაშვილი (რომელიც გუნდის კაპიტანია) და თავდამსხმელი მათე ვაწაძე. არველაძის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო – „ფახთაქორმა“ 3:0 მოიგო.
„დღეს, უზბეკეთის თასის ფინალში გავიმარჯვეთ და 2020 წელი ორი ტიტულით დავასრულეთ“, - წერს არველაძე თავის Facebook–გვერდზე.
ნოემბერში ტაშკენტის საფეხბურთო კლუბი „ფახთაქორი“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე ხელმძღვანელობს, ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. ეროვნული „სუპერლიგის“ 23-ე ტურში „ფახთაქორმა“ 2:1 მოუგო „კოკანდს“ და ეროვნული პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა.
გასულ სეზონში „ფახთაქორი“ არველაძის ხელმძღვანელობით არა მარტო ქვეყნის ჩემპიონი გახდა, არამედ კლუბმა უზბეკეთის თასი და ლიგის თასიც მოიგო.
არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ АZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „ქაისერისპორთან“, „ქასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში.