რას ნიშნავს „მსოფლო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-5 ადგილი – თურნავამ განმარტა
16:44 14.09.2021 (განახლებულია: 21:25 14.09.2021)
© press-service of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaნათია თურნავა
© press-service of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
გამოწერა
Fraser Institute-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ახალი რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ლიდერთა ხუთეულშია.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2021 წლის რეიტინგში საქართველოს მე-5 ადგილზე დაწინაურება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეიტინგის შეფასებისას.
სამინისტროს ინფორმაციით, Fraser Institute-ის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა და მერვედან მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა 8,26 ქულით. რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი ინდიკატორით აფასებს. წელს საქართველომ 5-დან 3 ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა: „მთავრობის ზომა“; „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ და „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“.
„ეს მართლაც არის ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიტანა – ბიზნესის თავისუფლება, მეწარმეობის თავისუფლება, კერძო საკუთრების პატივისცემა. ძალიან სასიხარულოა, რომ მიუკერძოებელი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები ამას ძალიან ადეკვატურად აფასებენ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგი 165 ქვეყანას აფასებს. რეიტინგში პირველ ადგილზეა ჰონკონგი, შემდეგ მოდიან სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია. საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ (მე-6), ლიეტუვა (მე-7 ადგილი), ავსტრალია (მე-9), დანია (მე-10), დიდი ბრიტანეთი (მე-12), ესტონეთი (მე-13), კანადა (მე-14), სომხეთი (მე-15), იაპონია (მე-18), ნიდერლანდები (მე-19), ლატვია (მე-20), ფინეთი (21-ე), გერმანია (22-ე), ავსტრია (28-ე), ლუქსემბურგი (30-ე), ბელგია (45-ე), სამხრეთ კორეა (47-ე), სლოვაკეთი (47-ე), საფრანგეთი (53-ე), მოლდოვა (66-ე), პოლონეთი (75-ე), რუსეთი (მე-100), თურქეთი (114-ე), ბელორუსი (114-ე), აზერბაიჯანი (121-ე), უკრაინა (129-ე) და სხვ.
2020 წლის ანგარიშში საქართველო 8,24 ქულით მე-8 პოზიციაზე იყო. ქვეყანას წინა წელთან შედარებით უკეთესი შეფასება აქვს შემდეგ ინდიკატორებში:
„მთავრობის ზომა“ (8,14 ქულა ნაცვლად 8,08 ქულისა);
„სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ (6,72 ქულა ნაცვლად 6,65 ქულისა);
„საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ (9,12 ქულა ნაცვლად 9,05 ქულისა).
აღნიშნული 5 ინდიკატორი, თავის მხრივ, 23 კომპონენტს მოიცავს. ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესდა ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა:
მთავრობის მოხმარება - 7.18 ქულა (გაუმჯობესდა 0.12 ქულით);
ტრანსფერები და სუბსიდიები - 7.24 ქულა (გაუმჯობესდა 0.16 ქულით);
სასამართლოს დამოუკიდებლობა - 5.41 ქულა (გაუმჯობესდა 0.01 ქულით);
მიუკერძოებელი სასამართლო - 5.91 ქულა (გაუმჯობესდა 0.06 ქულით);
საკუთრების უფლებების დაცვა - 6.25 ქულა (გაუმჯობესდა 0.64 ქულით);
ტარიფები - 9.45 ქულა (გაუმჯობესდა 0.21 ქულით);
ადამიანისა და კაპიტალის გადაადგილება - 8.97 ქულა (გაუმჯობესდა 0.05 ქულით);
ინფლაციის სტანდარტული გადახრა - 9.67 ქულა (გაუმჯობესდა 0.08 ქულით);
რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია რიგი ფაქტორებით, როგორიცაა მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ტრანსფერების და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს ფორმირება და სხვ.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უმაღლესი – 10-ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:
ზღვრული საგადასახადო განაკვეთი;
მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე;
უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება;
შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა;
ფინანსური გახსნილობა;
კომერციული ბანკების ფლობის თავისუფლება;
უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლის თავისუფლება;
სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.
„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Fraser Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვ.