მოსაზრება: ქართულ ღვინოს შეუძლია მსოფლიო მოიცვას

© Sputnik / Alexander Imedashviliღვინის მაღაზია
ღვინის მაღაზია - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
სად იყიდება ქართული ღვინო და რა პოტენციალი აქვს მას მსოფლიო ბაზრებზე – „Sputnik–საქართველოსთან“ ღვინის მწარმოებელი კომპანია „აქტო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გიორგი ეზუგბაია საუბრობს.
© Facebook / Giorgi Ezugbaiaგიორგი ეზუგბაია
გიორგი ეზუგბაია - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გიორგი ეზუგბაია
2021 წლის 8 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია. ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულში რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი არიან. აღნიშნულ პერიოდში ღვინის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 145 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 13%-ით მეტია.
- სად იყიდება თქვენი პროდუქცია და სად რომელ ქართულ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას?
- ჩვენი ღვინო წარმოდგენილია 12 საექსპორტო ქვეყანაში. ესენია: რუსეთი, უკრაინა, აშშ, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, იაპონია, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა, სამხრეთ აფრიკა და კენია.
აფრიკის ბაზრებზე პრიორიტეტული წითელი ნახევრად ტკბილი ღვინოებია, ევროპაში და აშშ-ში – თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები, ჩინეთში წითელ მშრალ და ნახევრად ტკბილ ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო იაპონიაში ტრადიციულ მეთოდს – ქვევრის ღვინოს ირჩევენ.
ჩინეთისა და იაპონიის ბაზრები ძალიან მზარდია. ჩინეთი უკვე ქართული ღვინის ექსპორტიორების სამეულშია წარმოდგენილი და მას ბევრად მეტი პოტენციალი აქვს. ჩინეთში თითოეულ ექსპორტიორს შეუძლია ყოველდღიურად იპოვოს ახალ-ახალი იმპორტიორი. ძალიან კარგი პოტენციალი აქვს ასევე იაპონიის ბაზარსაც.
რაც შეეხება ევროპას, აქ ექსპორტის რაოდენობის ზრდის პოტენციალით გამოირჩევიან პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. თუმცა, საქართველოში წარმოებული ღვინის ყველაზე დიდი რაოდენობა მაინც რუსეთში გადის. მაგალითად, თუ 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო სულ 90 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, აქედან 60-70 პროცენტი რუსეთში გაიგზავნა, დანარჩენი კი იმ 50-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ხორციელდება.
ქართული ღვინის ხარისხის შემოწმება - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
ქართული ღვინის კომპანიების წარმატება ზაფხულის დეგუსტაციაზე
- ბაზრის რომელ სეგმენტშია წარმოდგენილი უცხოეთში ქართული ღვინო ?
- ქართული ღვინო უცხოეთში, სამწუხაროდ, საშუალო და დაბალი სეგმენტის ღვინოების ნიშას იკავებს. სეგმენტს კი პროდუქციის ხარისხის და ფასის ერთმანეთთან შესაბამისობა განსაზღვრავს. ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტორი – მოთხოვნა, რაც ზრდის პროდუქტის მიწოდების უნარიანობას და, შესაბამისად, ფასსაც.
- ხარისხის თვალსაზრისით რამდენად აკმაყოფილებს ქართული ღვინო ამა თუ იმ ქვეყანაში დადგენილ სტანდარტებს?
- ხარისხის ფაქტორი აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვანია, რამდენი მილიონი ბოთლიც არ უნდა გავყიდოთ. მაგალითად, იმავე რუსეთში, თუ გვინდა ხარისხობრივი მაჩვენებელი და მიღებული შემოსავალიც გაიზარდოს, არ უნდა მოვახდინოთ დიფერენცირება, რომ რუსეთის ბაზრისთვის შეიძლება იყოს სხვა ხარისხის პროდუქტი, უკრაინის ბაზრისთვის სხვა და აშშ-ის ბაზრისთვის – სხვა. შეიძლება რუსეთში გასული ღვინო განსხვავდებოდეს გემოვნური თვისებებით, საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მაგალითად, იმავე აშშ-ში ექსპორტირებულისგან, მაგრამ ხარისხის თვალსაზრისით ის სრულიად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ დადგენილ ნორმებს. ამასთან, თითოეულ ბაზარზე მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდება ცალსახად არის საწინდარი მისი რაოდენობის ზრდის, რაც, თავის მხრივ, პროდუქციის საშუალო ფასზეც აისახება.
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
შვიდ თვეში ექსპორტზე 55 მილიონამდე ბოთლი ქართული ღვინო გავიდა
- სორბინის მჟავაზე რას იტყვით, რომელიც რუსეთში აკრძალულია?
- სორბინის მჟავა – ეს არის დანამატი, რომელიც ხელს უწყობს ღვინის სტაბილიზაციას. ის, რუსეთის გარდა, აკრძალულია იაპონიაშიც. ამ ქვეყნებში დაშვებულია გოგირდის მჟავა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მეტად მავნებელია, ან მეტად სასარგებლო. სორბინის მჟავა მხოლოდ ნახევრად ტკბილ ან ნახევრად მშრალ ღვინოებში გამოიყენება.
ჩვენ არ ვაწარმოებთ ღვინოს იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში უნდა გაიგზავნოს. ჩვენც და ასევე სხვა საშუალო თუ მაღალი წარმადობის კომპანიები პროდუქტს კლასის მიხედვით ვამზადებთ. გვაქვს წარმადობის კალენდარი და აქედანვე ვიცით, რომელი ტვირთი რომელმა იმპორტიორმა როდის უნდა წაიღოს.
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ღვინის რამდენ სახეობას ეთქვა უარი ექსპორტის განხორციელებაზე
- რამდენად განსხვავდება ღვინის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი ქვეყნების მიხედვით?
- რუსეთში განხორციელებული ექსპორტის მთლიანი რაოდენობის საექსპორტო ფასის საშუალო წილი ევროპასთან შედარებით უფრო მცირეა, რადგან რუსეთში ძირითადად უფრო დაბალი სეგმენტის ღვინოებზეა მოთხოვნა, ხოლო ევროპის ქვეყნები ტრადიციული ქვევრის და ევროპული მეთოდით დამზადებულ ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას. ასევე ყურადღება ექცევა დაძველებულ ღვინოებს, რაც ზეგავლენას ახდენს პროდუქციის ფასსა და მიღებულ შემოსავალზე.
რა თქმა უნდა, მაღალი კლასის ქართული ღვინო რუსეთშიც გადის, უბრალოდ ამ კატეგორიის წილი მთლიან ასორტიმენტში დაახლოებით 10-15 პროცენტია.
აქვე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ დაბალი სეგმენტის ღვინო არ ნიშნავს უხარისხოს. პროდუქტის კატეგორიას განსაზღვრავს მისი დამზადების ტექნოლოგია, ხოლო ხარისხი არის ყველგან დადგენილი სტანდარტის შესაბამისი და ეს დასტურდება ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, აქაც და უცხოეთშიც.
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ბათუმში შავი ზღვის ღვინის ფესტივალი გაიმართება
- რა არის ქართული ღვინის ექსპორტის პრობლემა?
- მთავარი პრობლემა დღეს არის კორონავირუსის პანდემია, რომელმაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხელი შეუშალა განვითარების შესაძლებლობებს სხვადასხვა ქვეყნებში. უკვე წელიწადზე მეტია არ ჩატარებულა თითქმის არც ერთი მნიშვნელოვანი გამოფენა, იმართება მხოლოდ ონლაინ დეგუსტაციები. საერთაშორისო გამოფენები კი არის ერთადერთი კარგი შესაძლებლობა პოტენციური მყიდველების მოსაძიებლად და საკუთარი პროდუქციით დასაინტერესებლად. ამას ემატება მიმოსვლის პრობლემაც, რადგან იმპორტიორი ცდილობს ადგილზე ნახოს მარანი და გაეცნოს პროდუქციის ხარისხს, საზღვრების ჩაკეტვამ კი ეს პროცესი შეაფერხა. დარწმუნებული ვარ, პანდემიის დასრულების შემდეგ ისევ დავიწყებთ ახალი რესურსების მოძიებას. ქართული ღვინის ექსპორტის გეოგრაფიის ზრდის ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს, მით უმეტეს, რომ მარკეტინგის თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ მომგებიანი პოზიცია გვაქვს – საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ნებისმიერი იმპორტიორისთვის კარგი მესიჯია.
ქართული ღვინო - უძველესი ტრადიცია და კულტურა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
ქართული ღვინო: უძველესი ტრადიცია და კულტურა – შემეცნებითი ვიდეო
- რომელ ქვეყნებში სჭირდება ქართულ ღვინოს სახელმწიფოსგან მარკეტინგული მხარდაჭერა?
- რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ღვინის ინდუსტრიისთვის, რომ შეუძლია პროდუქციის გატანა ამდენ ქვეყანაში, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მარკეტინგული ღონისძებები, რომლებსაც სახელმწიფო ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს. სახელმწიფოს მხრიდან სწორ მარკეტინგულ სტრატეგიაზეა დამოკიდებული იმპორტიორის მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია, იმპორტიორი იყოს კვალიფიციური ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში და ეს არ იყოს ერთჯერადი მიწოდება. ქართულ ღვინოს რეკლამა ყველა ქვეყანაში სჭირდება, მათ შორის რუსეთშიც. იქ მარკეტინგული მხარდაჭერა იმ პრემიუმ-კლასის ღვინოებს სჭირდება, რომელიც სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირე რაოდენობით შედის.
- როგორია თქვენი გეგმები?
- ჩვენი კომპანიის გეგმებს რაც შეეხება, არატრადიციული ბაზრებიდან ყველაზე დიდ აქცენტს აშშ-ზე, კანადასა და დიდ ბრიტანეთზე ვაკეთებთ. ეს არის ღვინის იმპორტიორების მსოფლიო სამეული, რომლის ბაზრებიც ამ ეტაპზე ქართული ღვინისთვის ჯერ კიდევ აუთვისებელია.
ღვინო ერთ-ერთი ალკოჰოლური პროდუქტია, რომელზეც მოთხოვნაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ამჟამად თითქმის სრულად არის ათვისებული ევროპის მთელი კონტინენტი, ამას დაემატა აზიის სხვადასხვა ქვეყნები, ავსტრალია, ძალიან საინტერესო და მზარდია აფრიკის ქვეყნები და ეს გვაძლევს იმის იმედს , რომ ქართულ ღვინოს შეუძლია მსოფლიო მოიცვას.
ნატა პატარაია
ყველა ახალი ამბავი
0