ტიკარაძე: საწოლფონდთან დაკავშირებით კრიტიკულად სერიოზული პრობლემები გვაქვს

© press-service of the Parliament of Georgiaეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
ქვეყანაში ამჟამად კოვიდ-ინფიცირების 50 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. აქედან 40 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობას საცხოვრებელ ბინაზე ოჯახის ექიმის კონსულტაციით გადის.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ჩვენ არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს საწოლფონდთან დაკავშირებით კრიტიკულად სერიოზული პრობლემები, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აჭარაში ჟურნალისტებთან საუბრისას.
გამოცხადდება თუ არა ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი – ამირან გამყრელიძის პასუხი>>
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საწოლფონდთან დაკავშირებული პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.
„ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ, რომ მობილიზებული იყოს საწოლფონდი, და როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ნამდვილად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. ჩვენი აქტიური ჩართულობითა და მუდმივი მონიტორინგით, რა თქმა უნდა, მუდმივად შევეცდებით, რომ პაციენტებს პრობლემა არ შეექმნათ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება სხვა ქალაქებში პაციენტების გადაყვანას, მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იყოს გაძლიერებული ყველა ის სამედიცინო დახმარება, რომელიც თითოეულ პაციენტს ესაჭიროება და მათ მიეცეთ საშუალება, ადგილზე ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 50 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა და აქედან დიდი ნაწილი ოჯახის ექიმების მიერ იმართება. რაც შეეხება საწოლფონდს, კოვიდ-პაციენტებისთვის დაახლოებით 8 ათასი ადგილია მობილიზებული, რომელთა დიდი ნაწილი თბილისზე მოდის. პაციენტების კიდევ ერთი ნაწილი კოვიდ-სასტუმროებშია.
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
„ძალიან მძიმე ორი კვირა გველის“: ივანე ჩხაიძე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებლებმა უკვე გადააჭარბა იმ საშუალო მაჩვენებელს, რაც კორონავირუსის მეორე, ყველაზე მძიმე ტალღის დროს იყო.
მძიმე ეპიდვითარების გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ასევე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. აგრეთვე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. აღნიშნული შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ საველე ჰოსპიტლების გახსნას, რაც პანდემიის წინა ტალღების დროს არ მომხდარა.
ყველა ახალი ამბავი
0