ცერცვაძე ქუჩაში მოსიარულე ინფიცირებულებზე:კატეგორიულად ვთხოვ მთავრობას, გააკონტროლოს ისინი

© Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები ქუჩაში
გამვლელები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
თენგიზ ცერცვაძის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები დადიან ქუჩებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ბინაზე დარჩენილი კორონავირუსით ინფიცირებული ავადმყოფების ნაწილი, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ, იზოლაციაში არ იმყოფებიან, განუცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველ არხს“.
თენგიზ ცერცვაძის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები დადიან ქუჩებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ.
„ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების მაღალი რიცხვის შენარჩუნებას. კატეგორიულად ვთხოვ, აღმასრულებელ და სხვა ხელისუფლებას, გააკონტროლოს ასეთი ადამიანები. 12 დღის მანძილზე ყველამ დაიცვას იზოლაციის წესები. არავითარ შემთხვევაში არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – მოუწოდა ცერცვაძემ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარება
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 33.939 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. თვითიზოლაციაში იმყოფება 36.609 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17.821, აჭარაში – 5.217, იმერეთში – 3.827.
გარდა ამისა, თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რატომ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა. დღეისათვის, ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს. მისი თქმით, ადამიანები არ ასრულებენ რეგულაციებს, იმართება მასობრივი ღონისძიებები, გარდა ამისა, ლიბერალურმა მიდგომამ, რომელიც კოვიდ-ჯარიმების ჩამოწერაში გამოიხატა, ადამიანები გაათამამა.
„ჩვენ სისტემატურად ვიმეორებდით, ამის მიზეზია ის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა, დარჩენილია მინიმალური რეკომენდაციები, რომლებიც არ სრულდება. არ ატარებენ პირბადეს, თბილისის მიღმა პრაქტიკულად არავინ ატარებს პირბადეს. იმის მაგივრად, თავი შეგვეკავებინა, ყოველდღე მეტი და მეტი ხალხმრავალი ღონისძიება ტარდება. საუბარია სხვადასხვა დანიშნულების კულტურულ თუ პოლიტიკურ შეკრებებზე, სოციალურ ღონისძიებებზე, ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე და სხვა... ჯარიმები (კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის - რედ.) გაუქმდა, ჰუმანური მიდგომა გაკეთდა ჯარიმებთან დაკავშირებით. ეს ყველამ ვერ გაიგო და ბევრმა ისარგებლა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ვაქცინაცია აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
აჭარაში 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეთა 8% სრულად ვაქცინირებულია
საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა, თუმცა დახურულ სივრცეში შეზღუდვა ძალაში რჩებოდა.
10 აგვისტოდან გამკაცრდა კონტროლი ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვასა და ღამის საათებში რესტორნების მუშაობაზე. კვების ობიექტები მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.697-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 455.846-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 54 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0