„სოლიდარობა ჟურნალისტებს“: საქართველოს მასშტაბით მდუმარე აქციები გაიმართა

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც „ღირსების მარშს“ აპროტესტებდნენ, მასმედია „გარყვნილების მხარდაჭერაში“ დაადანაშაულეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ.
მასმედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტები 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა მიერ თბილისის ცენტრში გამართულ აქციაზე მოხდა. გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავდა, რომელიც რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო. „ღირსების მარშისა“ და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ თითქმის ყველა ტელეარხის გადამღებ ჯგუფებს. მათ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მუშაობისა და აქციის გაშუქების საშუალება არ მისცეს, დაუზიანეს ტექნიკა. მასმედიის რამდენიმე წარმომადგენელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შსს-ს ცნობით, გამოვლენილია ძალადობის 55 ფაქტი, აქედან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ არის ჩადენილი. 
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ვგმობ ჟურნალისტებზე ძალადობას – ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა
„არა ძალადობას! მოგვეცით მუშაობის საშუალება!" – ამ დევიზით გაიმართა სოლიდარობის მდუმარე აქცია ქუთაისში. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისში ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს და დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვეს. აქციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
„პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებულ მასმედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადეს ასევე ბათუმში. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, შესაბამისმა ორგანოებმა მასმედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობა სათანადოდ ვერ აღკვეთეს.
მასმედიის სოლიდარობის აქციას კახეთშიც შეუერთდნენ. რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში განვითარებული მოვლენები მდუმარე აქციით გააპროტესტეს. მათი განცხადებით, დაუშვებელია ჟურნალისტებზე ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. 
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
აქციაზე ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავეს
ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია ჩატარდა აგრეთვე გორში. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან მედიასაშუალებების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და მასმედიაზე ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს.
„სოლიდარობა მასმედიის ყველა წარმომადგენელს!“ – ამ ლოზუნგით გაიმართა მდუმარე საპროტესტო აქცია ზუგდიდშიც. აქციის მონაწილეებმა დაგმეს გუშინ თბილისში მასმედიაზე განხორციელებული ძალადობა და ყველა დამნაშავის გამოვლენა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვეს.
შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ძალადობა. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 11 პირი. 
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0