ოპოზიცია 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / STRINGERაქცია ქაშუეთთან
აქცია ქაშუეთთან - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს და ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებში „ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება“ დაინახეს.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრის მიერ დილით გაკეთებული განცხადება იყო დღის განმავლობაში განვითარებული მასობრივი ძალადობის პირდაპირი წახალისება და მოძალადეებისათვის მიცემული დაუსჯელობის გარანტია. ნათქვამია ოპოზიციური პარტიების მიერ თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
განცხადება ქართულ მედიაში გავრცელდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს–უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ და კონსერვატიულად განწყობილი რადიკალური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვეს.
ქაშუეთის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
საპატრიარქო: ერის გამოწვევა ხდება, ძალადობა გარდაუვალი იყო
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს „ღირსების მარშის“ თბილისის ცენტრში ჩატარებას.
„დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩვენი თანამოქალაქეების, პარლამენტის წინ მყოფი სამოქალაქო აქტივისტების, ლგბტქ ჯგუფის წევრებისა და მათი უფლებადამცველების, ათობით თავისუფალი მედიის წარმომადგენლის, ჩვეულებრივი მოქალაქეების და ბავშვების მიმართ ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება და დაორგანიზება ვიხილეთ“, - ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.
ოპოზიციის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მასობრივი ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ოპოზიციას, თავად ძალადობის სამიზნეებსა და დაზარალებულებს აკისრებენ, რითაც ადასტურებენ, რომ მათი მიზანი არა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ მათი დაშინება და ძალადობის შემდგომი წახალისებაა.
„ამ უმძიმეს ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალია, საკუთარი ძალისხმევით დაიცვას სამოქალაქო თავისუფლება და ქართული სახელმწიფოს მომავალი. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრისა და მთელი საზოგადოების კონცენტრაცია ხელისუფლების შეცვლაზე და ამავდროულად ნებისმიერ შავრაზმულ მოძალადე ჯგუფებთან მკაფიოდ გამიჯვნა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ „თავისუფალი დემოკრატები“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, ენმ, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „პროგრესი და თავისუფლება“, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, „კანონი და სამართალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „სამართლიანობისთვის“, „გამარჯვებული საქართველო“.
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
შსს იძიებს თბილისში ჟურნალისტებზე და ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის ფაქტებს
დღეს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ქაშუეთის ეკლესიასა და 9 აპრილის ბაღში შეიკრიბნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ. თუმცა, მათ გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად, რუსთაველზე, პარლამენტთან გადაინაცვლეს და იქ გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს.
მათ იერიში მიიტანეს ასევე მოძრაობის „სირცხვილია“ ოფისზე, სადაც აქციის მონაწილეები აივნიდან შეიჭრნენ. მათ ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა დროშები ჩამოხსნეს, დახიეს, აივნიდან გადმოყარეს და დაწვეს. ასევე ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს შენობას. პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა.
გარდა ამისა, დღეს რამდენიმე ჟურნალისტი „თბილისი პრაიდის“ აგრესიული მოწინააღმდეგეების მხრიდან ძალადობის სამიზნე გახდა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს ბოთლები და ჯოხები დაუშინეს. ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ინფორმაციით, 15 ჟურნალისტი დაშავდა. ამ დროისთვის მედიების რამდენიმე წარმომადგენელი კლინიკაშია გადაყვანილი.
ყველა ახალი ამბავი
0