შეტაკებები თბილისის ცენტრში: ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებს

© Sputnik / STRINGER„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქცია
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
რუსთაველის გამზირი რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებებითაა სავსე, ოპოზიცია მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. „თბილისი პრაიდის“ მარშის ჩატარების საწინააღმდეგო აქცია ქვეყნის დედაქალაქში არეულობაში გადაიზარდა. ხელისუფლება და ოპოზიცია მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებს.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირი რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებებითაა სავსე. ისინი ლგბტ საზოგადოების უფლებათა დამცველების საწინააღმდეგო აქციაზე გამოვიდნენ, თუმცა თავს ესხმიან ჟურნალისტებს და მოქალაქეებს, რომლებიც, მათი აზრით, არასათანადოდ არიან ჩაცმული. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 15 ჟურნალისტი, ხუთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ხელისუფლების ბრალდებები

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ დღევანდელი მოვლენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს პასუხობს.
„მინდა შევახსენო ყველას, რომ ის, რაც დღეს ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ „პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის – „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში. საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფვოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში“, - აღნიშნა კობახიძემ.
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
საყურე ეკეთა – თბილისის ცენტრში უცხოელს თავს დაესხნენ
მისი აზრით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების ნამდვილი მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გატარება.
ამავე დროს, კობახიძის თქმით, ძალადობას, განსაკუთრებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ, არანაირი გამართლება არ აქვს.
„ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არა აქვს არავითარი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს. გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო. თუმცა, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისათვის“, - განაცხადა მან.

ოპოზიციის ბრალდებები

ოპოზიციური პარტიები თბილისში მიმდინარე მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებენ.
„თბილისის ქუჩებში დღეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს, თავისი საჯარო განცხადებით პირდაპირ წააქეზა ძალადობა მოქალაქეთა წინააღმდეგ“, - ნათქვამია პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებაში.
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
სალომე ზურაბიშვილი: ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს
პარტიის წარმომადგენელთა აზრით, ხელისუფლებამ უარი თქვა ადამიანის უფლებების დაცვაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული.
მომხდარში პრემიერ-მინისტრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ადანაშაულებენ.
„პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, მთავრობის სხდომაზე პირდაპირ ძალადობას ახალისებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.
მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრაიდის ორგანიზების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, და საერთაშორისო თანამეგობრობას ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდა.
ხოლო პარტია „გირჩმა“, ხელისუფლების გარდა, ბრალი პოლიციასაც დასდო.
„სამართალდამცავი სისტემა დღეს ჩაფლავდა, შესაბამისად, ადამიანები არიან დაუცველები სპეციფიკური ბრბოს წინაშე, რომელსაც გეი და ოპერატორი ერევა ერთმანეთში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ლომჯარია: უკიდურესად მიუღებელი იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება
ხელისუფლების ქმედებები ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.
„დღეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, კატეგორიულად მიუღებელია სიტუაციის გამოყენება პოლიტიკურ ინტერესებში. ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს თავისი ფუნქციები და არ დაუშვას ძალადობა“, - აღნიშნა პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ დაგეგმა სექსუალურ უმცირესობათა სოლიდარობის კვირეული, რომელიც 5 ივლისს თბილისის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. მარში ჩაიშალა. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან კონსერვატიული რადიკალური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას ითხოვენ.
 
ყველა ახალი ამბავი
0