სიტუაცია არ არის სახარბიელო - რა დახვდათ გელათში იუნესკოს ექპერტებს

© photo: Georgian Heritage / FBგელათი
გელათი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
ექსპერტების თქმით, ტაძარში არსებული ფრესკების დაზიანება ახლაც გრძელდება, მაგრამ სწორი მიდგომის შემთხვევაში პროცესის შეჩერება შესაძლებელია.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. იუნესკოს (UNESCO) უცხოელ ექსპერტთა ჯგუფმა გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში არსებული ვითარების ადგილზე შესწავლა უკვე დაასრულა. მათ მიერ მომზადებულ დასკვნებს ქართული მხარე ორ კვირაში ელოდება.

იუნესკოს ექსპერტები მუშაობას 23 ივნისს შეუდგნენ, მათ ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილი მდგომარეობა და კედლის ფერწერის დაზიანებული ნაწილები უნდა შეესწავლათ და შესაბამისი რეკომენდაციები უნდა მოემზადებინათ. 

გელათის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
იუნესკოს ექსპერტები გელათში არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან

როგორც დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს არქიტექტორ-რესტავრატორმა უგო ტონიეტმა განუცხადა, გელათში ვითარება სახარბიელო არ არის, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს.

„ყოველდღე ავდიოდით ტაძრის სახურავზე და გულწრფელი რომ ვიყო, სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო. წყლის ინფილტრაცია დღეის მდგომარეობითაც გრძელდება, რაც იწვევს დაზიანებას. ჩვენ ამ ეტაპზე ვსწავლობთ მდგომარეობას, რომ დავსვათ დიაგნოზი, რატომ ხდება წყლის ინფილტრაცია. ვფიქრობთ, სახურავის გარკვეულ ნაწილზე ძველი ტექნიკით გადახურვა შეიცვალა ახალი ტექნოლოგიით. ამ ეტაპზე ვსწავლობთ, ცვლილებების დროს სად იყო დაშვებული შეცდომა“, - განაცხადა უგო ტონიეტმა.

მისი თქმით, უნდა ჩატარდეს კვლევა, რათა განისაზღვროს ძირითადი და მეორეხარისხოვანი ფაქტორები, რომლებმაც გამოიწვია დაზიანება.

„ფრესკები, რომლებიც არის ეკლესიაში, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რაღაც, რომ არსებული სურათი შეიცვალოს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ნაკლები ხარისხით ჩავერიოთ, მაგრამ ამის განსახორციელებლად გვჭირდება ბევრი კვლევის ჩატარება და ანალიზი. იტალიაში ჩატარდება კვლევა და უნდა მივაგნოთ გამოსავალს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვითარება გამოსწორდეს“, – განაცხადა არქიტექტორ რესტავრატორმა
გელათის ღვთისმშობლის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გელათში კედლის მხატვრობის მოზრდილი ნაწილი ჩამოვარდა: ოფიციალური უწყება მიზეზს ასახელებს

კედლის მხატვრობის სპეციალისტის ვინჩენცო ჩენტანის განცხადებით, გელათში ფრესკების დაზიანება ახლაც გრძელდება, თუმცა სწორი მიდგომის შემთხვევაში, პროცესის შეჩერება შესაძლებელია.

„პრობლემების შექმნის მთავარი მიზეზი იყო სახურავიდან მონასტრის შიგნით წყლის ჩასვლა. ამ წყალმა გამოიწვია მარილების მოძრაობა კედლებში, რამაც დააზიანა საღებავი, ფერწერის, პასტელის სხვადასხვა ფერის დაზიანება გამოიწვია“, – განაცხადა კედლის მხატვრობის სპეციალისტმა ვინჩენცო ჩენტანიმ.

უცხოელმა სპეციალისტებმა თავიანთი დასკვნები ქართულ მხარეს ივლისის შუა რიცხვებში უნდა მიაწოდონ.

მათი რეკომენდაციების საფუძველზე გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებული პრობლემების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება.

2020 წლის მარტში გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კრამიტის გადახურვაში წყალი ჩავიდა და ძეგლის დაზიანებებისგან დასაცავად კრამიტის სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. დროებითი გადახურვა დარჩება მანამ, სანამ ქვედა რეგისტრების დაზიანებული კრამიტი არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხი უნდა დაამოწმოს ლაბორატორიულმა კვლევებმა და ექსპერტების დასკვნებმა.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
ცნობილია გეგმები გელათთან დაკავშირებით: კულტურის სამინისტრო განმარტავს

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში ქვეყანაში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი. 1994 წლიდან ჩართულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

ყველა ახალი ამბავი
0