თბილისი, 20 მაისი – Sputnik. გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში 18 მაისს კედლის მხატვრობის მოზრდილი ნაწილის ჩამოვარდნა უკავშირდება ხარაჩოებზე არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ წევრის თორნიკე ბარათაშვილის ასვლას და გადაადგილებას, აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.
აღნიშნულმა ორგანიზაციამ 18 მაისს სოციალურ ქსელში გაავრცელა მასის ჩამოშლის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ნათქვამია, რომ ეს ფაქტი ტაძარში წყლის ინფილტრაციასა და ტენიანობის მაღალ დონეს უკავშირდება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან მომხდარზე არანაირი რეაგირება არ ხდება. აღსანიშნავია, რომ ბარათაშვილმა მსგავსი დაზიანების ამსახველი ვიდეომასალა 15 მაისსაც გაავრცელა.
სააგენტოს ცნობით, ადგილზე იმყოფებოდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელმაც გაარკვია, რომ ფრესკების ნაწილის ჩამოშლა ბარათაშვილის ხარაჩოებზე გადაადგილებამ გამოიწვია, რასაც „დამატებითი შესწავლა სჭირდება“. ამიერიდან „გარეშე პირები“ გელათში ხარაჩოებზე ასვლას ვეღარ შეძლებენ.
„ტაძრის ინტერიერში რამდენიმე თვეა წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. არაუფლებამოსილი პირის ხარაჩოზე თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება“, – აღნიშნავენ სააგენტოში.
ამით მათ ძეგლის დამატებითი ზიანისგან დაცვა სურთ, სანამ კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე მუშაობს.
ტაძარში ხარაჩოები ფრესკების მონიტორინგის მიზნით არის განთავსებული.
რაც შეეხება გელათის კომპლექსის რესტავრაციას, ივნისში საქართველოში ჩამოვა იუნესკოს მაღალი დონის ექსპერტი, რომელიც გელათის ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლის.
აგრეთვე შეიქმნება სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას უზრუნველყოფს.
სააგენტო გელათის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს >>
გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.