თბილისი, 7 მაისი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოს UNESCO-ს ექსპერტი ეწვევა, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში.
მინისტრმა გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა.
„მოკლე ვადაში, მიუხედავად პანდემიისა, მივიღეთ UNESCO-სგან თანხმობა და ივნისში გვეწვევა ცნობილი ექსპერტი, რომელიც ძეგლების გადახურვის სპეციალისტია და გააკეთებს შეფასებას. სწორედ ის გვეტყვის, თუ რამხელაა ზიანი. შეიძლება მქონდეს ჩემი წარმოდგენა და ვარაუდები, როგორც ერთ ადამიანს, რომელიც არ არის ამ საქმის პროფესიონალი, თუმცა ჩემი ვარაუდიც დოკუმენტებს ეყრდნობა და შემიძლია გითხრათ, რომ ზარალი არის საკმაოდ დიდი“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მინისტრის ვარაუდით, ხარვეზების გამოსწორებას საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდება.
„ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია. ძალიან დიდი შრომა იქნება ამისთვის საჭირო. უფრო კონკრეტულად კი ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური უცხოელი ექსპერტი. უცხოელი სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი საქმე დადგა ისე, რომ გვჭირდება უცხოელის ჩართულობა. მადლობა UNESCO-ს, რომ დღევანდელი სტანდარტებით ძალიან სწრაფად, ივნისში მოავლენს ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტს, რომელიც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობს“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც მანამდე წულუკიანმა აღნიშნა, კომპანია, რომელიც გელათის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს 2011 წლიდან ატარებს, ტენდერის გზით არ შერჩეულა. იგი მაშინდელმა ხელმძღვანელობამ პირდაპირი წესით შეარჩია როგორც ორგანიზაცია, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად შესაფერისი იყო.
გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი. 1994 წლიდან არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.