იუნესკოს ექსპერტები გელათში არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან

© photo: Sputnik / გელათის ტაძარი
გელათის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ვითარებას შეისწავლის, რის შემდეგაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში არსებული ვითარების ადგილზე შესწავლას იუნესკოს (UNESCO) უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი დღეიდან იწყებს, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გელათის ღვთისმშობლის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გელათში კედლის მხატვრობის მოზრდილი ნაწილი ჩამოვარდა: ოფიციალური უწყება მიზეზს ასახელებს

სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითადი ტაძრის შიდა და გარე პერიმეტრზე კედლის ფერწერის და სახურავის სრულფასოვნად შესასწავლად ხარაჩოები აღიმართა.

იუნესკოს ექსპერტები ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს და ზიანის გამოსწორების მიზნით სამოქმედო გეგმას დასახავენ.

უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებული პრობლემების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება.

„სწორედ უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის შემდგომი სამოქმედო გეგმა“, – აღნიშნავენ სამინისტროში.

კედლის მხატვრობის ექსპერტები და არქიტექტორ-რესტავრატორები საქართველოში ივნისის ბოლოდე დარჩებიან. 

ხარაჩოები გელათის მონასტერში - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
ქართველი რესტავრატორები გელათის ტაძარს იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლისთვის ამზადებენ

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიმდინარე წლის აპრილიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული სიტუაციის შესწავლისა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. სამინისტროსთან შეიქმნა არქიტექტორ-რესტავრატორთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს. პარალელურად შეიქმნა კედლის მხატვრობის რესტავრატორთა ჯგუფი დაზიანებული ფერწერის შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარე წლის 25 მაისს ხელოვნებათმცოდნეებსა და კედლის მხატვრობის რესტავრატორებთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლამდე მოხდება ფერწერის ფენის კვლევა. კვლევის პარალელურად ქართველმა პროფესიონალმა რესტავრატორებმა დაზიანებულ ფრესკებს უნდა რეგულარულად მოაშორონ მარილი იმ ადგილებში, სადაც ეს ფერწერის დაზიანების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში ქვეყანაში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი. 1994 წლიდან ჩართულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

ყველა ახალი ამბავი
0