თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არიან, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რომელიც საარჩევნო კოდექსს უკავშირდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
გუშინ ვენეციის კომისიამ წარადგინა დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. კომისიის აზრით, პროექტის შესწორებული ვერსია ითვალისწინებს ძირითადი რეკომენდაციების არსებით ელემენტებს, მაგრამ რჩება მთელი რიგი საკითხების, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს. ესაა დაბალი მოთხოვნები ცესკოს უპარტიო წევრების კვალიფიკაციის მიმართ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირების პრინციპები, აგრეთვე ყველა დონეზე კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების პროცედურა.
„ფაქტი ერთია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებელია განხილული და გათვალისწინებული იქნას. იმედს ვიტოვებ, რომ ამ კუთხით გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა კუჭავამ.
კუჭავას ეთანხმება მმართველი პარტიის სხვა ლიდერი მამუკა მდინარაძე.
„ყველა შენიშვნა არის საყურადღებო, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება მსჯელობა. ასევე გაიმართება მსჯელობა, რამდენად შესაბამისობაში უნდა მოვიდეს შარლ მიშელი შეთანხმებასთან და შევეცდებით, მაქსიმალური სიზუსტით, შარლ მიშელის შეთანხმება შევასრულოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატების შეფასებით, ქვეყანას განახლებული საარჩევნო კოდექსი ექნება უკვე ივნისის ბოლოს, პროექტის სამი მოსმენით დამტკიცებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ოქტომბერში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები გაიმართება.