თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს გუმათის დასახლებაში იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე შეხვდა და მთავრობის შეთავაზება გააცნო, იუწყება „პირველი არხი“.
სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამოხვანში პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა. მისივე ინფორმაციით, გუშინ ევროკავშირის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ეს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო.
აქციის ორგანიზატორები ხვალ მათთვის შეთავაზებულ ადგილებს მოინახულებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიმე ლოკაციაზე კარვების გაშლასთან დაკავშირებით.
„რიონის ხეობის მცველები“ სოფელ ნამოხვანში თავდაპირველი პროტესტის ადგილზე დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა ზვიად შალამბერიძის განმარტებით, აღნიშნული მიწა კომპანიის სახელზეა რეგისტრირებული და ამ საკითხზე დავა მიმდინარეობს.
გასულ შაბათ-კვირას მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების" ლიდერებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებთან მოლაპარაკებები გამართეს ევროპელი მედიატორის – ევროკავშირის სამდივნოს ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილის და მოლაპარაკებებისა და დავების მოგვარების ცენტრის თავმჯდომარის დირკ ბუშლეს მონაწილეობით. ცხრასაათიანი შეხვედრის შედეგად მხარეებმა შეძლეს გარკვეული შეთანხმების მიღწევა.
17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათთან უსაფრთხოების მიზნით მოწყობილი რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო, მაგრამ ადგილზე პოლიციის ძალები კვლავ რჩებიან და აქციის მონაწილეებს ხეობაში შესვლის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევათ. გუშინ მეორე შეხვედრა, ონლაინ ფორმატში გაიმართა.
იმერეთის რეგიონში „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე რვა თვეა გრძელდება. მთავრობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.
„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.
პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.