ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე ევროკავშირის მედიაციით პირველი შეხვედრა დაიწყო

© photo: Sputnikნამახვანჰესის მშენებლობა
ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამოწერა
თურქულ კომპანია Enka-სთან ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა, რაც მიუღებელია აქციის მონაწილეებისთვის. მინისტრის მოადგილის თქმით, კომპანიასთან ამ ვადის შემცირებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე საერთაშორისო მედიატორების ჩართულობით პირველი შეხვედრა მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი“.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას: თურნავა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კონფლიქტს ეხმაურება

საქართველოში იმყოფებიან ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის წარმომადგენლები, რომელთა შუამავლობით უნდა შედგეს დიალოგი მთავრობასა და „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის.

შეხვედრას, რომელიც ნატახტარში მიმდინარეობს, შვიდთვიანი საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, „რიონის ხეობის მცველები“ ესწრებიან. მთავრობის მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე გარემოს დაცვის სამინისტრო წარმოადგენს.

პროტესტების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე აქციის მონაწილეებმა უნდა დააყენონ ის პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შემდგომი დიალოგისთვის სივრცე გაჩნდება. საუბარია რიონის ხეობაში რკინის ჯებირების აღებაზე, საპოლიციო ძალების გაყვანაზე და აქციის დაკავებული მონაწილეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე.

შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, რომ ევროპელი სპეციალისტების მედიაციის შედეგად პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„ჩვენ, მთავრობა დაინტერესებული ვართ და ყოველთვის ვუსვამდით ამას ხაზს, რომ გადავიდეთ დიალოგის პროცესში, რომ იმ საკითხების განხილვა, რომლებიც დაკავშირებულია მშენებლობასთან, ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადმოვიდეს... მზად ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ დეტალურად, მივიღოთ გადაწყვეტილებები, გამოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისა და სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
ირაკლი ღარიბაშვილი: ამჟამინდელი პირობებით „ნამახვანჰესის“ მშენებლობა არ გაგრძელდება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მძაფრდება. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.

„ხელშეკრულების იმ ნაწილში, სადაც საუბარია მიწის გადაცემის საკითხზე, მიმდინარეობს კომპანია Enka-სთან მოლაპარაკებები, რომ შემცირდეს ეს 99 წელი. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით და ვერ დაგიდასტურებთ, სადამდე იქნება შემცირებული, მაგრამ მიდის პოზიტიური პროცესი“, - აღნიშნა თვალაბეიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობა ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებული პირობებით არ გაგრძელდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას „ნამახვანჰესის“ პროექტი და პრობლემა მემკვიდრეობით დახვდა და ის ამაზე აქტიურად მუშაობს.

მანამდე, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. კაშხლის მშენებლობის პროექტს ხელახლა შეისწავლიან სპეციალისტები. ხელისუფლება ირწმუნება, რომ კაშხალი მანამ არ აშენდება, სანამ ხელახლა არ დამტკიცდება ეკოლოგიური, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევები. ამასთან მორატორიუმი არ ეხება სხვა სამშენებლო სამუშაოებს რიონის ხეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0