მონატრებული ევროპის ჩემპიონატი – საფეხბურთო დღესასწაული რომიდან იწყება

© REUTERS / ALBERTO LINGRIAევროპის მსოფლიო ჩემპიონატი, რომი - სტადიონი ოლიმპიკო
ევროპის მსოფლიო ჩემპიონატი, რომი - სტადიონი ოლიმპიკო - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
კონტინენტის საუკეთესოს ტიტულისთვის ევროპის 11 სხვადასხვა ქალაქში ექვს ჯგუფში გადანაწილებული 24 საფეხბურთო ნაკრები იბრძოლებს.

ჩემპიონატის პირველი შეხვედრა და სანახაობრივი ფეხბურთის მოლოდინი

ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე თურქეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გაიმართება. სავარაუდოა, რომ გულშემატკივარი ტურნირის სტარტზევე სანახაობრივ და ლაღ ფეხბურთს იხილავს. თურქეთის ნაკრები ბოლო პერიოდში უხვგოლიანი მატჩებით გამოირჩევა და მათი შეტევის ხაზი ფრანგული „ლილის“ გოლეადორ ბურაკ ილმაზის მეთაურობით ნებისმიერი ნაკრებისთვის სახიფათოა. უდიდესი ისტორიის მქონე იტალიის ნაკრებს რაც შეეხება, „სკუადრა აძურას“ ზედმეტი შექება ნამდვილად არ სჭირდება, იტალიელებს ნებისმიერ კონდიციაში და ნებისმიერ სათამაშო ფორმაში შეუძლიათ თამაშის მოგება.

იტალია და თურქეთი ერთმანეთს რომში „სტადიო ოლიმპიკოზე“ დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ UEFA-მ იტალიის მთავრობას ნება დართო მატჩს მაყურებელთა 25% პროცენტი დაესწროს. “სტადიო ოლიმპიკოზე” 72.700 ადამიანი ეტევა, შესაბამისად, გახსნით შეხვედრაზე დასწრების უფლება 18.100 გულშემტკივარს ექნება.

ამ ორი გუნდის გარდა A ჯგუფში უელსი და შვეიცარია მოხვდნენ, რომელთა შეხვედრა 12 ივნისის 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
აეროპორტში მიტოვებული ლიეტუველი მორაგბეები და სანიოლის სადებიუტო გამარჯვება ნაკრებში

ე.წ. სიკვდილის ჯგუფი და იღბლიანი ესპანელები

როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფებში მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი, ყველაზე მეტად გულშემატკივრის ყურადღება ბოლო, F ჯგუფმა მიიპყრო, სადაც ნამდვილი საფეხბურთო „მონსტრები“ შეიკრიბნენ. გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია და უნგრეთი – სწორედ ეს გუნდები შეეცდებიან გაიყონ მერვედფინალური ეტაპის საგზურები. უნგრელებს ჯგუფში რა ბედიც ელით, ეს ცალკე საკითხია, თუმცა ცხადია, რომ ისინი ნამდვილად დიდ საფეხბურთო გამოცდილებას შეიძენენ. რაც შეეხება გერმანიას, საფრანგეთსა და პორტუგალიას, ამ სამი ნაკრებიდან გადაჭრით აშკარა ფავორიტის დასახელება წინასწარ შეუძლებელია და ისღა დაგვრჩენია ტელეეკრანებთან ლამაზ სანახაობას დაველოდოთ.

ერთი შეხედვით მარტივი ჯგუფი შეხვდათ ესპანელებს, რომლებსაც წარმატების მისაღწევად შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის ბარიერის დაძლევა მოუწევთ. „ფურია როხას“ ბოლო დროს კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას. გუნდი, რომლის ცენტრალურ ზონასაც ერთ დროს ჩავი-ინიესტას ლეგენდარული დუეტი ამაგრებდა, ნახევარდაცვაში ახლა „მოხუცებული“ სერხიო ბუსკეტსისა და კოკეს იმედზეა. ესპანელებს არც შეტევის ხაზში აქვთ საქმე იდეალურად, სადაც მომენტების რეალიზებას ძირითადად ფერან ტორესი, ალვარო მორატა და დანი ოლმო შეეცდებიან. დაცვით ხაზსა და მეკარის პოზიციას რაც შეეხება, ამაზე პასუხს ალბათ ხვიჩა კვარაცხელია უკეთ გაგცემდათ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე თემურ ქეცბაიასთან ერთად. - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
ოთხი ქართველი სპორტსმენი, რომლებმაც საქართველო მსოფლიოს გააცნეს

პოლონელები, თავის მხრივ, ცხადია, რობერტ ლევანდოვსკის იმედზე იქნებიან. მასთან ერთად შეიძლება კრიშტოფ პიონტეკმაც თქვას თავისი სიტყვა და რამდენჯერმე გაისროლოს. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, მათ ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე დაბრუნებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო გამოაკლდათ, რომელიც, მიუხედავად თავისი ასაკისა, საოცარ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფებოდა და გოლების გასატანადაც მზად იყო.

ქართული საფეხბურთო ოცნების დამანგრეველი, ანუ ჩრდილოეთ მაკედონია კონტინენტის პირველობაზე

ყველას კარგად გვახსოვს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირება ერთა ლიგის ფინალში, სადაც გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატის საგზური უნდა მიეღო. და რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ახლა არა საქართველოს ნაკრებზე, არამედ ბალკანელებზე გვიწევს საუბარი.

ჩრდილოეთ მაკედონია C ჯგუფში ნიდერლანდის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. აღნიშნულ ჯგუფში ნათელია, თუ ვინ შეითავსებს ფავორიტის როლს, თუმცა გამოკვეთილ აუტსაიდერზე საუბარი ძალიან რთულია. ნიდერლანდის ნაკრები, რომლის შესაძლებლობებიც ჩვენმა ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე გამოსცადა, ჯგუფის უპირობო ლიდერია. დანარჩენ გუნდებს კი ალბათ ჯგუფის დაძლევის თანაბარი შანსები ექნებათ. თავისი საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდება „მილანის“ ლეგენდარული ფორვარდი ანდრეი შევჩენკო, რომელიც მშობლიურ უკრაინის ნაკრებს რამდენიმე წელია უდგას სათავეში და საკმაოდ კარგი შედეგებითაც გამოირჩევა. შევჩენკო ბოლო დროს საკუთარ კარიერაზე ალაპარაკდა და დიდია იმის ალბათობა, რომ ის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რომელიმე საფეხბურთო კლუბშიც ვიხილოთ. თავის მხრივ, კარგი და დაბალანსებული ნაკრებია ავსტრიაც, რომელმაც შესაძლოა პრაგმატული და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთის ხარჯზე მერვედფინალის საგზურიც მოიპოვოს. რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას, ბალკანელები ძირითადად ალიოსკის, ელმასისა და „ბებერი“ გორან პანდევის „ბოლო ამოსუნთქვის“ იმედად იქნებიან.

გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
ვილი სანიოლი თბილისში გადმობარგდა, შერმადინი ესპანეთში კვლავ აღიარეს

ბელგიის ნაკრები პირველ გამოცდას რუსეთთან ჩააბარებს. B ჯგუფი ფავორიტების ჯახით იწყება

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფი დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩით 12 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს, თუმცა მაყურებელი უფრო საინტერესო შეხვედრას მოგვიანებით იხილავს. ამავე დღეს, 23:00 საათზე ერთმანეთს ბელგიისა და რუსეთის გუნდები შეხვდებიან, სადაც გამარჯვებული მომდევნო ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. ბელგიელები ბოლო დროს რობერტო მარტინეზის ხელში გახსნილ და დამანგრეველ ფეხბურთს თამაშობენ, რაც ბოლო სანაკრებო შეხვედრებშიც დაამტკიცეს. მიუხედავად არცთუ კარგი სტატისტიკისა, რუსეთის ნაკრების ჩამოწერაც უსამართლობა იქნება, რადგან ამ გუნდმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. თავის მხრივ არც დანიის ნაკრები იქნება უსაქმოდ, სადაც ბოლო დროს ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. დანიელები კარგი მოთამაშეების დეფიციტს პრაქტიკულად არც ერთ პოზიციაზე არ უჩივიან. დაცვის ბურჯი სიმონ კიაერი იქნება, ნახევარდაცვას გამოცდილი კრისტიან ერიქსენი გაამაგრებს, ხოლო მეტოქეთა კარის აღებაზე პოულსენი, ბრაიტვაითი და დოლბერგი იზრუნებენ. ფინელებს რაც შეეხება, ისინი ჯგუფში აუტსაიდერებად ითვლებიან და ქულების მოსაგროვებლად სამივე მატჩში თავის გადადება მოუწევთ.

ვაკო ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
„ბორჯღალოსნების“ ტესტი მსოფლიო ჩემპიონებთან და მიქაუტაძის გმირობა ბელგიაში

ინგლისი და ხორვატია, ანუ D ჯგუფის ორი ფავორიტი ნაკრები

წილისყრის შედეგად ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ინგლისის, ხორვატიის, ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებები მოხვდნენ. პირველი შეხვედრა 13 ივნისს ინგლისისა და ხორვატიის გუნდებს შორის გაიმართება, სადაც ჯგუფის ფავორიტები პირველი ქულების მოგროვებას შეეცდებიან. 14 ივნისს უკვე თავიანთ მატჩს ჩაატარებენ ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებები.

ინგლისელებს ევროპის ჩემპიონატებზე კარგი მოგონებები არ უნდა აკავშირებდეთ, რადგან აღნიშნულ ტურნირზე მათი ერთადერთი წარმატება 1968 წლით თარიღდება. მაშინ ბრიტანელებმა მესამე ადგილის დაკავება შეძლეს და მას შემდეგ მათი საუკეთესო მიღწევა ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშია. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრები ყოველი ჩემპიონატის წინ უძლიერესი შემადგენლობით გვევლინება, თუმცა ეს შედეგებზე ნაკლებად ისახება. არც ახლაა ამ მხრივ გამონაკლისი – გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია თავმოყრილი. განსაკუთრებით გამოსარჩევია გამოცდილი თავდამსხმელი ჰარი კეინი, რომელსაც ტურნირის ბომბარდირობასაც კი უწინასწარმეტყველებენ. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ინგლისი ნავსის გატეხვას და ევროპის ჩემპიონატის წარმატებით დასრულებას. ხორვატებს რაც შეეხება, მათ თავიანთი ძალა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოავლინეს, როდესაც სენსაციურად მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გააღწიეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ ნახევარფინალურ ეტაპზე ხორვატიის ნაკრებმა სწორედ ინგლისს აჯობა ანგარიშით 2:1.

გიგა ჭიკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გიგა ჭიკაძე UFC-ში თავს იმკვიდრებს, კვარაცხელია „რუბინში“ კვლავ აღიარეს

ჩემპიონატის ფორმატი და ფინალი ლეგენდარულ „უემბლის“ სტადიონზე

ევროპის ჩემპიონატზე თითოეული ჯგუფიდან მერვედფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო ნაკრები გავა. ჯგუფში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭება. ამასთან, მერვედფინალური მატჩების დამატებით ოთხ საგზურს საუკეთესო მესამე ადგილოსნები გაიყოფენ, ამ შემთხვევაში კი უპირატესობა გუნდების შედეგიანობას მიენიჭება. მესამე ადგილოსან ნაკრებებს შორის გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობა დაითვლება, შედეგად პირველ ეტაპზე 16 საუკეთესო ნაკრები გამოვლინდება.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის მთავარ მოვლენას, ანუ ფინალურ მატჩს, ის ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 90,000 ადამიანს იტევს და ამ მაჩვენებლით რიგით მეორე სტადიონია ევროპაში. ფინალურ შეხვედრას მაყურებელი აქაც შეზღუდული რაოდენობით დაესწრება.

ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. კონტინენტის პირველობა 2021 წლის 11 ივნისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0