საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისში იცხოვრებს, თემურ ქეცბაიამ კი სეზონი ტრიუმფით დაასრულა
საქართველოს ნაკრების ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისში დაბინავდა. ფრანგმა სპეციალისტმა მის გადაწყვეტილებაზე ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, გავიცნო ეს ქვეყანა, მისი კულტურა და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოში ვიცხოვრო“, – განაცხადა სანიოლმა.
გასულ კვირას ეროვნული გუნდის თავკაცმა მომავალი ამხანაგური შეხვედრებისთვის შემადგენლობაც დაასახელა და საინტერესოა, რომ სანიოლის რჩეულთა შორის აღმოჩნდა წყალტუბოს „სამგურალის“ თავდამსხმელი სერგო კუხიანიძე.
„ნამდვილად კარგი სიურპრიზია ეროვნული ლიგიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი. სერგო ნამდვილად განსხვავებულია იმ ფეხბურთელებისგან, ვინც ამ პოზიციაზე განიხილება“, – აღნიშნა ფრანგმა მწვრთნელმა.
ეროვნულ ნაკრებში დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოცდილი ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილიც გამოიძახეს. მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ყაზაიშვილს, რომელიც სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ასპარეზობს, პანდემიის გამო პრობლემები შეექმნა და ის სამშობლოში გამომგზავრებას ვერ შეძლებს. სამხრეთ კორეაში პანდემიის გამო გადაადგილების შეზღუდვებია დაწესებული და ვაკოც შეკრებაზე ამიტომ ვერ ჩამოვა. მის ნაცვლად ნაკრების ფორმას ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი გიორგი ბერიძე მოირგებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ ამხანაგურ შეხვედრას 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე რუმინეთის წინააღმდეგ ქალაქ პლოიეშტში გამართავს. რუმინელებთან დაპირისპირების შემდეგ „ჯვაროსნები“ ნიდერლანდის ქალაქ ენსხედეში გაემგზავრებიან და ადგილობრივ ნაკრებს შეხვდებიან.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა და ამჟამად კვიპროსული „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ თავისი გუნდით კვიპროსის თასის ფინალი მოიგო გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილი გოლის წყალობით.
კვიპროსის თასის ფინალში ერთმანეთს "ანორთოსისი" და "ოლიმპია ნიქოზია" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის საწყის წუთებში მეტოქე გუნდებმა ერთმანეთი დაზვერეს და ტაქტიკური თამაში არჩიეს. შესაბამისად, პირველი ნახევარი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. რაც შეეხება მეორე ნახევარს, ფინალისტებმა გოლები გაცვალეს და შედეგად დამატებითი დრო დაინიშნა. სწორედ აქ გაიბრწყინა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც 110-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს თასი მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ ქვილითაიას გარდა „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ასევე თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი.
თასის მოგების შემდეგ თემურ ქეცბაიამ, რომელსაც გუნდის დატოვება თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა, აზრი შეიცვალა და შესაძლოა კვიპროსულ კლუბთან ახალი კონტრაქტიც გააფორმოს.
ქართველი ჩოგბურთელები დევისის თასზე ლიდერის გარეშე გამოვლენ. ბასილაშვილი სერბეთში გაემგზავრა
ქართველი ჩოგბურთელები დევისის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე იასპარეზებენ. განაცხადის მიხედვით, ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, საბა ფურცელაძე და ზურა ტყემალაძე ითამაშებენ.
ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა განაცხადები, რომელშიც საქართველოს პირველი ჩოგანი არ ფიგურირებს.
დევისის თასის მე-3 ჯგუფის შეხვედრები 16-19 ივნისს კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში გაიმართება. შეჯიბრებაში, წესით, რვა ქვეყანა უნდა გამოსულიყო თუმცა, ლიხტენშტაინმა დევისის თასზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა და, შესაბამისად, ტურნირში შვიდი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: კვიპროსი, საქართველო, ისლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა და მონაკო.
ამასობაში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმყოფება და 250-ქულიან ტურნირში სათამაშოდ ემზადება.
ბასილაშვილი ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი სატურნირო ბადეში მასპინძელ ნოვაკ ჯოკოვიჩის მხარეს იმყოფება. ქართველისა და ნოლეს დაპირისპირება კი შესაძლოა ნახევარფინალურ ეტაპზე შედგეს, თუ ბასილაშვილი იქამდე მივა.
ბელგრადის ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულასთან ერთად 80 ათასამდე ევროს მიიღებს. ჩემპიონატის ძირითადი ბადის შეხვედრები 24 მაისს დაიწყება.
ლევან ფანცულაიამ მსოფლიო რეიტინგის პირველი მოჭადრაკე დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა
ქართველმა მოჭადრაკემ ლევან ფანცულაიამ სწრაფ ჭადრაკში საერთაშორისო ონლაინ ტურნირზე Titled Tuesday Blitz პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა შესაძლო 11 ქულიდან 9.5 ქულა მოაგროვა. ანალოგიური შედეგი ჰქონდათ ვლადისლავ არტემიევს (რუსეთი), ტუან მინ ლის (ჩინეთი), ვლადისლავ კოვალევსა (ბელორუსია) და არიან ტარისაც (ნორვეგია), მიუხედავად ამისა ლევანმა დამატებითი მაჩვენებლით ზემოთ ხსენებულ დიდოსტატებს აჯობა და ჩემპიონობა არავის დაუთმო.
უნდა აღინიშნოს, რომ ფანცულაიამ ტურნირის მიმდინარეობისას მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა.
ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 72 ქვეყნის 697 ტიტულოვანი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. აღნიშნული ჩემპიონატი კვირაში ერთხელ ტარდება და მასში მხოლოდ საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკეები მონაწილეობენ.
გიორგი შერმადინი კვლავ საუკეთესოდ დასახელდა, შენგელიას კი შრომა არ დაუფასდა
ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე 32 წლის ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი 37-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა. ქართველი ცენტრის დახმარებით „ტენერიფემ“ „სარაგოსასთან“ დიდი ანგარიშით 91:60 იმარჯვა. გიორგი შერმადინს კი აღნიშნულ მატჩში 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაუგროვდა. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31 შეადგინა, რაც მთლიანი ტურის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.
ცუდი მატჩი არ ჩაუტარებია რუსეთის „ცსკას“ ერთ-ერთ ლიდერ თორნიკე შენგელიასაც. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „ზენიტთან“ შეხვედრაში მოედანზე 44:48 წუთი გაატარა, რა დროშიც 27 ქულის, 6 მოხსნის, 1 პასისა და 2 დაფარების მოგროვება შეძლო.
რუსული გრანდების შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. მატჩში დამატებითი დრო ორჯერ დაინიშნა და საბოლოოდ გამარჯვება სანქტ-პეტერბურგის გუნდს დარჩა. შედეგად VTB ლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში „ზენიტმა“ ანგარიში გაათანაბრა (1:1).