თბილისი, 29 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს და მან პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა, განაცხადა ახლადშექმნილი პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიტიკური ორგანიზაციის პრეზენტაციაზე.
თავდაპირველად მისი გადადგომის მიზეზად დასახელდა უთანხმოება მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთან“ ნიკა მელიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებასთან დაკავშირებით.
„გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს, რადგან რატომღაც ჩათვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, მმართველი პარტიის მოქმედებები ქვეყნის განვითარებას აფერხებდა.
„რვაწლიანი მმართველობის შემდგომ მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინ რეალობას და ამით რეალური განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ქვეყანას ახლა გააჩნია ბევრად უკეთესი სასამართლო სისტემა ვიდრე 10 წლის წინ, მაგრამ ამაზე გაჩერება არ შეიძლება.
„ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა იყოს კიდევ უფრო ეფექტური, კიდევ უფრო სამართლიანი და კიდევ უფრო მაღალი მიზნები დაისახოს“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა.
„მმართველმა პარტიამ თავისი ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა - ეს იყო ჩემი გადადგომის რეალური მიზეზი“, - განაცხადა გახარიამ.
პარტიის პრეზენტაცია Expo Georgia-ში მიმდინარეობს.
გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი და ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მან პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა.
როგორც მაშინ თავად განაცხადა, გადადგომის მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.
გახარია მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო, თუმცა მმართველ პარტიაში მის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას ემხრობოდნენ.
ბოლო გამოკითხვებით, გახარია ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი და გადამდგარი პრემიერ-მინისტრია. მისი ნებისმიერი პოსტი და ფოტო სოციალურ ქსელებში ათასობით მოწონებას იმსახურებს, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად (2021 წლის თებერვალში, გადადგომამდე), საქართველოში პოპულარულ პერსონებს შორის, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, გახარიას მეორე ადგილი ეკავა.
ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე მან თავის მხარეს გადაიბირა პარლამენტის ექვსი დეპუტატი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული რეგიონული ჩინოვნიკების ნაწილი.