თბილისი, 29 მაისი - Sputnik. ახალგაზრდულმა მოძრაობამ „შეცვალე“ გამართა საპროტესტო აქცია Eхpo Georgia-ს შენობასთან, სადაც საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს.
აქციის მონაწილეები ექს-პრემიერს, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2019 წლის 21 ივნისის ღამეს მიტინგის დარბევაში ადანაშაულებენ.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გახარიამ 20 ივნისს დანაშაული ჩაიდინა“, - განაცხადა აქციის მონაწილემ ლაშა ხუსკივაძემ.
ამ წუთებში აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე პლაკატით „არ შეგარჩენთ 20 ივნისს“ სკანდირებს „გახარია - დამნაშავე“.
პოლიცია მათ არ უშვებს პავილიონთან, სადაც პრეზენტაცია უნდა გაიმართოს.
20–21 ივნისის საპროტესტო აქცია ანტისამთავრობო მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს 240 ადამიანი დაშავდა.