თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასულ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, ღირსეულ პირობებში განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა.
გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი საქართველოდან აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრა. ერთი კვირის წინ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ მათი უფლებების დარღვევისა და მძიმე სამუშაო პირობების თაობაზე განცხადება გაავრცელა. მათი მტკიცებით, დარღვეულია სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს კომუნიკაცია ჰქონდა გერმანულ მხარესთან და პრობლემა აუცილებლად გამოსწორდება.
„მიუღებელია, რომ ჩვენი მოქალაქეების მიმართ ის პირობები შეიქმნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა გერმანიაში. თუ ცალკეული ინციდენტები არსებობს, გერმანელი პარტნიორები მოწადინებული არიან, დაუყოვნებლივ იყოს აღმოფხვრილი“, – განაცხადა მინისტრმა.
გერმანიაში დასაქმებული ქართველების მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ კომენტარი გააკეთეს გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალურ სამინისტროში, განცხადება გააკეთა ასევე საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა. მათი განცხადებით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სამუშაო პირობები დაუყოვნებლივ გამოსწორდება არსებული სტანდარტების შესაბამისად.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითიც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.
კონტრაქტის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეების საცხოვრებელი სამუშაო ადგილთან ახლოს უნდა იყოს და მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 6–15 ევროს. ჯანმრთელობის დაზღვევას გერმანელი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ – იქნება ეს ტრავმა, კორონავირუსი თუ სხვა შემთხვევა.