თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდება. ასევე კანადის უდიდეს ქალაქ ტორონტოში პირველად გაიმართება ქართული დროშის აღმართვის ცერემონია.
ბრაზილიაში ქართული დროშის ფერებში განათდება სან-პაულუს შტატის სამრეწველო ფედერაციის შენობა და ქრისტეს ცნობილი ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში, ხოლო ავსტრალიაში – კანბერის ეროვნული კარილიონი.
ასევე 26 მაისს ბრიუსელის სიმბოლოს – Manneken-Pis-ს ქართულ ჩოხას ჩააცვამენ. ბულგარეთში ქართული დროშის ფერებში განათდება კულტურის ეროვნული სასახლე, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიაში – სკოპიეს არქეოლოგიური მუზეუმი.

გერმანიაში პოპულარული ვოკალური შოუ The Voice of Germany-ს გამარჯვებული ნათია თოდუა საქართველოს ჰიმნს შეასრულებს, ხოლო ცაში გაუშვებენ საჰაერო ბურთებს ქართული დროშის ფერებში.
ეროვნული სიმბოლიკის ფერებში გაანათებენ ბიზნეს-ცენტრს ტალინის ცენტრში და ასევე ქართული დროშა გამოჩნდება ეკრანზე თავისუფლების მოედანზე ძველ ტალინთან.
თურქეთის დედაქალაქ ანკარის მთავარი სიმბოლო „ათაქულას კოშკი“ ქართული დროშის ფერებში განათდება, ხოლო განათების ქვეშ მორბენალი სტრიქონის სახით თურქულ და ინგლისურ ენებზე მისალოცი ტექსტი გამოჩნდება.
ქართული დროშის ფერებში განათდება Eleftheria square და მერიის შენობა კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში.
დიდ ბრიტანეთში, ბრისტოლის მერიასთან ქალაქის მერი საქართველოს დროშას აღმართავს; ხოლო 1 ივნისს ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა (ნიკო აფხაზი – დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, „აფხაზეთის ბოტანიკური ბაღის“ დამაარსებლის კოტე აფხაზის ვაჟი).
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ირლანდიაში ქართული დროშის ფერებში გაანათებენ დუბლინის მერიის შენობას, ხოლო ქალაქის ქუჩებში ქართულ დროშებს გამოფენენ.
პირველად საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ათენში ომონიის მოედანი ქართული დროშის ფერებში განათდება. იერუსალიმის კედელს ასევე გაანათებენ ქართული სიმბოლიკის ფერებში, ასევე ლიეტუვის ცენტრალურ ხიდებს, მერიის ძველ შენობას და შადრევანს, ხოლო ვილნიუსის ცენტრალურ მოედანზე გაიჭიმება გიგანტური ქართული დროშა და შესრულდება ქართული ეროვნული ჰიმნი.
ასევე კატარში, დოჰას ცენტრში ისტორიულ შენობას ქართული დროშის ფერებში გაანათებენ, რაც პირველი შემთხვევა იქნება რეგიონში.