გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი: მისი ოცნება ახდა, დღეს აქ ვართ

© AFP 2024 / ABDELHAK SENNAმარიამ დ'აბო
მარიამ დ'აბო - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
როგორც გენერლის შვილიშვილმა, ცნობილმა მსახიობმა მარიამ დ'აბომ განაცხადა, მათი ოჯახისთვის დღევანდელი დღე „უმნიშვნელოვანესი და დაუჯერებელია“.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სანამ ბაბუაჩემი გარდაიცვლებოდა, მისი ოცნება იყო საქართველოში დაბრუნება. მისი ოცნება იყო, რომ დაკრძალულიყო საქართველოში, განაცხადა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილმა მარიამ დ'აბომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

საპატიო ყარაული - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ
„ჩვენ ყოველთვის ვღელავდით საქართველოზე, ქართველ მეგობრებზე, ვფიქრობდით და ვდარდობდით იმაზე, თუ როგორ იყო ყველა საქართველოში. ბაბუის ოცნების ახდენა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დახმარებით გახდა შესაძლებელი. მისი ოცნება ახდა, დღეს აქ ვართ და მისი დაკრძალვა მოხდება სამშობლოში“, – განაცხადა კინოსა და ტელევიზიის მსახიობმა მარიამ დ'აბომ.

როგორც გენერლის შვილიშვილმა აღნიშნა, საქართველო პატარა, მაგრამ ძლიერი ერია და მან გაუძლო მრავალსაუკუნოვან დაპყრობებს.

„შთამბეჭდავია ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. ეს არის ერი, რომელიც ერთმანეთის გვერდით იდგა, გეოგრაფიაც კი მთაგორიანი აქვს. საქართველო საუკუნეების განმავლობაში გადაურჩა გეოპოლიტიკას“, – აღნიშნა დ'აბომ.

ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს. გენერლისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რის შემდეგაც ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც დღემდე სამოქალაქო პანაშვიდები იმართებოდა. გენერლის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

საქართველოს რესპუბლიკაში გიორგი კვინიტაძე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი 1918-1921 წლებში. იგი დაიბადა 1874 წლის 2 სექტემბერს, დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ქვეითთა სასწავლებელი. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში.

დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ტფილისის იუნკერთა სამხედრო სკოლის შექმნაში და მისი პირველი ხელმძღვანელი იყო. 1918 წლიდან 1919 წლამდე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 1921 წლის 16 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი კვინიტაძე მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რაც შეეხება მარიამ დ'აბოს, ის 1960 წლის 27 დეკემბერს ლონდონში დაიბადა. დაბო ამჟამად კინოსა და ტელევიზიის მსახიობია. მისი პირველი შესამჩნევი როლი იყო ბონდის გოგონა კარა მილოვას როლი ჯეიმზ ბონდის ერთ-ერთ ფილმში „ნაპერწკლები თვალებიდან“. ის არის ქართველი გენერლის — გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი, მომღერალ მაიკ დ’აბოს ბიძაშვილი, შესაბამისად, მაიკის შვილი — მსახიობი ოლივია დ’აბო მისი ბიძაშვილიშვილია. მარიამის გვარი დ’აბო სათავეს იღებს ფინური ქალაქი ტურკუდან (ტურკუ — ლათინურად: Abo, შვედურად: Åbo).

ყველა ახალი ამბავი
0