თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ – გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამშაბათს მიიღეს.
პარლამენტიდან მთავრობაში – მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა>>
სესიაშვილი და ქვრივიშვილი პარლამენტის დეპუტატები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდნენ, ხოლო მუჯირი – ოპოზიციური პარტია „გირჩის“ სიით.
სესიაშვილისა და ქვრივიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გამოწვეულია იმით, რომ ორივე მთავრობაში გადავიდა სამუშაოდ. სესიაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩევლად დაინიშნა თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში, ხოლო ქვრივიშვილი – ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ.
პარლამენტში მათ ადგილებს დაიკავებენ გელა სამხარაული და ბაია კვიციანი – შემდეგი ნომრები „ოცნების“ პარტიულ სიაში.
რაც შეეხება „გირჩის“ წარმომადგენელ სალომე მუჯირს, ის იძულებული გახდა მანდატზე უარი ეთქვა სანდრო რაქვიაშვილის სასარგებლოდ, რადგანაც პარტიაში გენდერული პრინციპით კვოტირებას ეწინააღმდეგებიან.
„გირჩში“ მიიჩნევენ, რომ კვოტები ქალებისთვის ცუდი იდეაა თავად ქალებისთვის, რადგან ადამიანები იფიქრებენ, რომ ქალი დეპუტატად აირჩიეს არა იმის გამო, რომ ის საუკეთესოა, არამედ იმიტომ, რომ ქალია.
Dalood-ის ბრენდ-მენეჯერი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდება>>
ამ მიზეზით „გირჩმა“ ცესკოს განცხადებით მიმართა, გააუქმოს პარტიიდან დეპუტატობის 121 კანდიდატის რეგისტრაცია – მე-8 ნომრიდან 129 ნომრის ჩათვლით.