თბილისი, 19 მაისი – Sputnik. გერმანიაში საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეების პრობლემები უკვე წყდება, განაცხადა ჟურნალისტებთან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა.
საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრა. საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მათი უფლებები ირღვევა და მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.
ველთაურის განცხადებით, საჩივარი კონტრაქტისთვის შეუსაბამო შრომის პირობებისა და ხელფასის შესახებ გერმანიაში მომუშავე ოთხივე ჯგუფიდან შევიდა, მაგრამ პრობლემა უკვე გვარდება, აღნიშნა მან.
„კომუნიკაციაში ვართ გერმანიის ფედერალურ დასაქმების სააგენტოსთან, მათ თავის მხრივ პროცესში ჩართეს შესაბამისი გერმანული სახელმწიფო უწყებები იმისათვის, რომ დამსაქმებლებს დაეწყოთ აღებული ვალდებულებების შესრულება. ამ სამუშაო პირობების გამოსწორება დაწყებულია“, – განაცხადა ველთაურმა.
ამავე დროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიას განცხადებით, კონტრაქტის მიხედვით, თუ დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს ყველა პირობას, გერმანული მხარე საქართველოს მოქალაქეებს სხვა სამუშაოზე გადაანაწილებს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში ეს საკითხი არ დგას.
სააგენტოს მონაცემებით, შეთანხმება საქართველოსა და გერმანიას შორის დასაქმების შესახებ ითვალისწინებს არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლების შემთხვევაში ამგვარი პრობლემების გადაჭრის მექანიზმებს.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითაც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.