უცხოეთში დასაქმების სურვილი 100 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ გამოთქვა

© photo: Sputnik / Stringerჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
გერმანიაში და ისრაელში ლეგალურად დასაქმებისთვის საქართველოს მოქალაქეები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. შრომითი მიგრაციის სპეციალურ პორტალზე, რომელიც უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის 15 თებერვლიდან ამოქმედდა, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი 98.443 ადამიანმა, ხოლო ისრაელში დასაქმების სურვილი 1.427 პირმა გამოთქვა. 

ისრაელის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების კვოტა, შესაძლოა, გაიზარდოს

ხელისუფლებამ 2021 წელს უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების სეზონური დასაქმების აქტიური ფაზა დაიწყო. დღეისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია ლეგალური სამუშაო გერმანიასა და ისრაელში.

გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს 5 ათასამდე მოქალაქეს დროებით ლეგალურად დასაქმება სამი თვით შეუძლია. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

გერმანიაში დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი – 20 ადამიანი საქართველოდან 14 აპრილს გაემგზავრა.

გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს: უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია; უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი; ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; არ უნდა ჰქონდეს არანაირი დარღვევა, რაც ქვეყანაში მის შესვლას ხელს შეუშლის; სავალდებულოა გერმანული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი. 

აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გერმანიაში დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება

რაც შეეხება ისრაელს, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია შრომითი მიგრაციის სპეციალურ პორტალზე 12 აპრილს დაიწყო.

„ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. სამუშაო ადგილების კვოტაც განსაზღვრულია – იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს 25-დან 45 წლამდე ასაკის, საშუალო განათლების, უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი. ამასთან, საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენას.

დროებითი ლეგალური დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია მთელი წლის მანძილზე შესაძლებელია პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge/.

საქართველოს მთავრობამ მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებში სამუშაოდ ლეგალური გამგზავრების უზრუნველსაყოფად პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობა დაიწყო, რაც განპირობებულია ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონით და საკმარისი სამუშაო ადგილების არარსებობით.

ყველა ახალი ამბავი
0