თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების Sinovac-ით ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როდისაა მოსალოდნელი კორონავირუსის მეოთხე ტალღა საქართველოში – ექსპერტის მოსაზრება>>
Sinovac-ი მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება – Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინებით ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ აცრილია 300 მილიონამდე ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, Sinovac-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან (ჯანმო) ავტორიზაციის მინიჭებას ელოდება, თუმცა აღნიშნულ ვაქცინას საკმაოდ კარგი პირველადი შეფასება უკვე აქვს ჯანმოს სამეცნიერო ექსპერთა კომიტეტის მხრიდან.
ჩინური ვაქცინა Sinovac-ი, Sinopharm-ის მსგავსად, ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი.
ვირუსის ინაქტივაცია - ვაქცინების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო მეთოდია. ამ ტექნოლოგიით შექმნილია, მაგალითად, დიფტერიის, В ჰეპატიტის, პოლიომიელითის, ყივანახველას და ტეტანუსის ვაქცინები.
ჩინურმა Sinopharm-მა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია 5 მაისს მიიღო. აღნიშნული პრეპარატის 100 ათასი დოზა ქვეყანამ აპრილში მიიღო. დამატებით 600 ათას დოზას ქვეყანა ივნისი-ივლისში მიიღებს.
საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით. Sinovac-ის გამოყენება ასევე ნებადართულია 18 წელს ზემოთ პირებისთვის. Sinopharm-სგან განსხვავებით, მეორე ინექციის გაკეთება 14-დან 28 დღემდე ინტერვალშია შესაძლებელი. აღნიშნულ პრეპარატს სხვა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.