რას მოუტანს 9.5 პროცენტიანი რეფინანსირების განაკვეთი ლარს და ბიზნესს

© Sputnik / Alexander Imedashviliსავალუტო ჯიხური
სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 124 700 მომხმარებელს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1%-ით გაეზრდება.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ლარმა დოლარის მიმართ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 27 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3,4534 GEL/$1 იყო. ეს კურსი ყველაზე დაბალია 2020 წლის 27 მარტის შემდეგ, როდესაც ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

ვალუტის კურსი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
რა ეშველება ემიგრანტების იმედად დარჩენილ ლარს

რას ფიქრობენ ექსპერტები 

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად რთულ სიტუაციაში, პირველ რიგში, ბიზნესი აღმოჩნდება, მიაჩნია მენეჯმენტ-საკონსულტაციო კომპანია EBIT Group-ის მმართველ პარტნიორს ვლად ბეჟაშვილს.

თუ აქამდე ბიზნესის ერთ-ერთი პრობლემა არასტაბილური ლარი იყო, ახლა პრობლემების ჩამონათვალს ძვირი ფულიც დაემატება.

„ლარში სესხის განაკვეთი თუ აქამდე 12,5–14 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა, ახლა 16 პროცენტი გახდება, რაც ძალიან ბევრია. დოლარში სესხის აღება კი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე ბიზნესისთვის რისკის შემცველია“, – აღნიშნა EBIT Group-ის მმართველმა პარტნიორმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

ვლად ბეჟაშვილის თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ეროვნული ბანკი ეკონომიკაში ლარის მასას ამცირებს, ამით ზრდის ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნას და ასე აჩერებს მის გაუფასურებას. მაგრამ რამდენად ექნება ამჯერად სასურველი ეფექტი ამ გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.

ვირუსის გლობალური შეტევა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
როგორ უნდა შეუწყოს ხელისუფლებამ ხელი ციფრული ეკონომიკის განვითარებას

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას მარეგულირებლის მხრიდან ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯად აფასებენ არასამთავრობო ორგანიაზაცია “ საზოგადოება და ბანკებში“.

„როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი ორი ალტერნატივიდან, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ფასების დონის შენარჩუნება, ამ უკანასკნელს ირჩევს და მონეტარული კომიტეტის ეს გადაწყვეტილება ამითაა განპირობებული“, – ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ შესაძლოა, სამომავლოდ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს ინფლაციის მიმდინარე (მარტის) მაჩვენებელმაც, რომელიც მკვეთრად გაუარესებულია.

განცხადება მიწის გაყიდვის შესახებ - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
რატომ ცდება საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – ექსპერტების მოსაზრებები

რას ამბობენ ეროვნულ ბანკში

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკა აუცილებლად უნდა გამკაცრდეს, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა ამას მოითხოვს.

„ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის დონე მიზნობრივ, სამპროცენტიან მაჩვენებელთან მივიყვანოთ. გრძელვადიან პერიოდში კი ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე  წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 7,2 პროცენტი შეადგინა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 6,5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) ეტაპობრივად დაუახლოვდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი საბაზო სცენარში დაახლოებით 4 პროცენტია.

სოფელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
ვეფხია გიორგაძე: მთავრობამ მიწის ბაზრის ჩამოყალიბებაზე ფიქრი დაიწყო

რამდენი მილიარდია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე

„საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, ამჟამად ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7.423,1 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული 124.700 მომხმარებელზე.

124.700 ხელშეკრულებიდან 36.200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 983,7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აპრილის მდგომარეობთ 13,14% შეადგინა.

ბიტკოინი და ევრო - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
კრიპტოვალუტების ტრეიდინგი: რა უნდა ვიცოდეთ ამ ბიზნესის შესახებ

28.100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს-სესხების გასაცემად, რაც 1 მარტთან შედარებით 600-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3.477,1 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1.099,6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13,02%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი, 1 აპრილის მონაცემებით, 2.377,5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12,60%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19,5 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 14,09%-ში გაასესხეს.

1 აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42,8%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 15,07%.

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0