ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ წლის ბოლომდე, შესაძლოა, 3.60 ნიშნულამდე დაეცეს, ვარაუდობს ეკონომიკის დოქტორი ნიკა შენგელია.
„თუ გავითვალისწინებთ რა მდგომარეობაა ზოგადად ეკონომიკაში და იმასაც, რა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გვაქვს, არ გამოვრიცხავ, რომ წელს ლარის კურსი დოლარის მიმართ 3,60 ნიშნულზე ვიხილოთ“, – თქვა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.
ლარის გაუფასურებას მოჰყვება ინფლაცია, ფასების ზრდას ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით უპასუხებს, რაც თავის მხრივ გააძვირებს ფულს. ძვირი ფული კი ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
წინა ხუთშაბათს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრისთვის 30 მილიონი დოლარის მიწოდებით ლარის გაუფასურება შეაჩერა, თუმცა – დროებით.
„მხოლოდ სავალუტო ინტერვენციებით ლარის კურსის გაუფასურების შეჩერება შეუძლებელია და არც ინტერვენციების ძირითადი დანიშნულებაა ვალუტის კურსის გამყარება“, – განმარტა ნიკა შენგელიამ.
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა შვიდი აუქციონი ჩაატარა, სადაც უკვე 240 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.
როგორც ეკონომისტმა განმარტა, ზოგადად, ვალუტის და, მათ შორის, ლარის კურსის ჩამოყალიბებაზეც ძირითადად გავლენას ახდენს სახელმწიფო სავაჭრო ბალანსი, მაკროეკონომკური მაჩვენებლები, განსაკუთრებით – მშპ, ინფლაცია და უმუშევრობა, საინვესტიციო გარემო და ინვესტიციები. კურსზე ასევე მოქმედებს პოლიტიკური ფაქტორები, ფორსმაჟორული გარემოებები, მოსახლეობის განწყობა ეროვნული ვალუტის მიმართ და ფსიქოლოგიური ფაქტორი.
გარდა ამისა, ლარის კურსის ფორმირებაზე გარკვეულ გავლენებს ახდენს აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური ხელშეკრულებები და სავალუტო ბაზარზე სპეკულაციური მოქმედებები.
„ამ ეტაპზე ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც არასახარბიელოა და ასევე ნეგატიური გვაქვს სხვა ფაქტორებიც, იქნება ეს ინვესტიციები თუ პოლიტიკური სიტუაცია. ამიტომაც შექმნილ ვითარებაში არ უნდა გაგვიკვირდეს დღევანდელი ეროვნული ვალუტის კურსის სისუსტე“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
თუმცა, მისივე თქმით, გაუარესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს მარტო პანდემიას ვერ დავაბრალებთ.
„ამის ძირითადი მიზეზი ის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, რომლის გატარებაც ათწლეულობით ხდებოდა და რომელიც ძირითადად ტურისტული სექტორის განვითარებაზე იყო ორიენტირებული, ხოლო ლარის კურსი ძირითადად ემიგრანტების მიერ სამშობლოში დარჩენილი ოჯახებისთვის გადმორიცხული თანხების იმედად იყო“, – თქვა ნიკა შენგელიამ.
საჭირო იყო სხვა სექტორების დახმარება და ამუშავება. თუნდაც ის პროექტები, რომლებიც ახლა გამოაქვს მთავრობას იმავე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარების ხელშესაწყობად, გაცილებით ადრე, თუნდაც 8-10 წლის წინ უნდა დაწყებულიყო.
„შექმნილ ვითარებაში აუცილებელია მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა და საკითხებისადმი ახლებური მიდგომა, ასევე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გადახედვა“, – მიაჩნია ნიკა შენგელიას.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
2020 წელს ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 3,4842 GEL/$1 იყო. ის 27 მარტს დაფიქსირდა.
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა.
ნატა პატარაია