თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მასობრივი ვაქცინაცია ივლისის შემდეგ იგეგმებოდა, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გახსნილიყო რეგისტრაციის ფანჯარა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
- მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში ხვალ, 30 აპრილს კორონავირუსის საწინააღმდეგო Astrazeneca-ს ვაქცინის 43 ათასი დოზა შემოვა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, ასევე დამატებით 43 ათასი დოზა შემოვა მაისის პირველ ნახევარში.
როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ამ დროისათვის ქვეყანაში არის 100 ათასი ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა, დამატებით იგეგმება 250 ათასი დოზის მოწოდებაც.
ვაქცინირებული პირებისთვის, შესაძლოა, „კომენდანტის საათი" და სხვა შეზღუდვები მოიხსნას>>
„ასევე მოლაპარაკებები გვაქვს Moderna-სთან და Pfizer-თან. ერთ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რაოდენობა, მეორე შემთხვევში კი რაოდენობა ზუსტდება“, – აღნიშნა მინისტრმა.
ტიკარაძის განცხადებით, მოლაპარაკებები სხვა ვაქცინების მწარმოებლებთანაც გრძელდება და ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნება.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით 15 მარტს დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.
ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. საქართველომ ასევე მიიღო 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა Sinopharm, თუმცა ამ პრეპარატით აცრა ჯერ არ დაწყებულა. Sinopharm-ით აცრის დაწყების სავარაუდო თარიღია 4 მაისი.
29 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 43.568 ადამიანი.