თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტეტსო აქციებს ჯერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ხოლო შემდეგ კი დედაქალაქში გეგმავენ, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.
„რეგიონებში აქციები დღეს იგეგმება 16:00 საათისთვის, ხოლო თბილისში კი ფართომასშტაბიანი აქცია 23 მაისს ჩატარდება“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ დღევანდელი გადაწყვეტილებით მათ მიერ წამოყენებული პირობებიდან მხოლოდ ნაწილი დააკმაყოფილა. ამ პირობების შესრულების შემდეგ კი აქციის მონაწილეებსა და მთავრობას შორის შინაარსობრივი დიალოგი უნდა დაწყებულიყო.
სავარაუდოდ, „რიონის ხეობის მცველების“ უკმაყოფილება გამოიწვია გადაწყვეტილების იმ პუნქტმა, რომლის მიხედვითაც „კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში“. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები კი სამშენებლო კომპანია „ენკას“ მიერ ყველა სახის სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვდნენ. ბოლო დროს პროტესტის ზეწოლის შედეგად კაშხლის სამშენებლო სამუშაოები შეწყვეტილი იყო და მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები.
„ნამდვილად არ გვსიამოვნებს ფართომასშტაბიანი აქციების გზა. გვერჩივნა დიალოგის ფორმატში გადაგვეწყვიტა ეს საკითხები, თუმცაღა ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ვექტორი სხვაგან წავიდეს, რომ საკითხებში შინაარსობრივად არ შევიდეთ... ახლა დღევანდელი განცხადებაც ამის მკაფიო მაგალითია. ამიტომ მოგვიწევს უკვე, რომ მთელმა ერმა და საზოგადოებამ გადავწყვიტოთ ჩვენი სიმრავლით და ერთობით ეს პრობლემა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის მირზა ნოზაძის აზრით, მთავრობის განცხადებაში, რომელიც თითქოს შერბილებულ პოზიციას გამოხატავს, იკითხება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება.
„ჩვენ აუცილებლად დავანახებთ ხელისუფლებას, რომ ანგარიში უნდა გაუწიონ ხალხს და აუცილებლად ისაუბრონ პროტესტის აქტორებთან იმ კითხვებზე, რომლებიც გვაქვს ჩვენ“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.
მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. გარდა ამისა, საპროტესტო აქციის მონაწილეებს „პოლიციასთან კოორდინაციით,პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“. „ნამახვანჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება „ნამახვანჰესის კასკადის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების ძირითად მოთხოვნებს, ისინი უცვლელია: თურქულ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტა, გაუქმდეს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება უცხოელი ინვესტორისთვის რიონის ხეობის მიწების გადაცემის შესახებ.
პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია ENKA-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.
„ნამახვანჰესი“ კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. თითოეული კაშხლის ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის“ – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.