თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. „ნამახვანჰესის" მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ რამდენიემ გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება საქართველოს მთვარობის ადმინისტრაცია.
- კომპანია „ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.
- არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის" გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები მთავრობის წარმომადგენლებს 15 აპრილს შეხვდნენ და შემდგომი დიალოგის გასაგრძელებლად რამდენიმე პირობა წამოაყენეს. ერთ-ერთ პირობას სამშენებლო კომპანიის მიერ მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა წარმოადგენდა. გარდა ამისა, „რიონის ხეობის მცველები“ გამყოფი ბარიერების აღებას და პროტესტის გაგრძელების უფლებას კვლავ სოფელ ნამოხვანში ითხოვდნენ. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი აქციების გაფართოებას აანონსებდნენ.
მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შესწავლის მიზნით გადაწყვიტა ექსპერტთა საბჭოს შექმნა, რომელიც ორი თვის განმავლობაში საპროექტო დოკუმენტაციას შეისწავლის და საკუთარ დასკვნას წარმოადგენს. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს ამ საბჭოში ჩართვა სურთ.
რაც შეეხება „ნამახვანჰესის კასკადის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების ძირითად მოთხოვნებს, ისინი უცვლელია: თურქულ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტა, გაუქმდეს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება უცხოელი ინვესტორისთვის რიონის ხეობის მიწების გადაცემის შესახებ.
პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია ENKA-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.
„ნამახვანჰესი“ კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. თითოეული კაშხლის ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის“ – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.