რა უფლებები გაქვთ, როდესაც რაიმე ნივთს საზიაროდ ფლობთ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, რუსთაველის გამზირი
თბილისი, რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
ხშირად მოქალაქეები თანასაკუთრებაში ფლობენ ბინას, ავტომანქანას ან რაიმე საგანს და არ იციან რა უფლებებით ან ვალდებულებებით სარგებლობენ ასეთ შემთხვევებში, მაგალითად, ვის ეკისრება საზიარო საგნის მოვლის ხარჯები, ან როგორ გაინაწილონ მისგან მიღებული სარგებელი.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით განვმარტოთ, რას ნიშნავს საზიარო უფლებები, რა ვალდებულებები ეკისრებათ საზიარო ნივთის თანამესაკუთრეებს, ან რა უფლებებს ანიჭებთ მათ კანონმდებლობა.

რა არის საზიარო უფლება?

უფლება საზიაროა, თუ ის ერთდროულად და ერთობლივად რამდენიმე პირს ეკუთვნის. საზიარო უფლების თითოეულ მონაწილეს აქვს თავისი წილი ამ უფლებაში და ისინი მოწილეებად იწოდებიან. მაგალითად, თუ ორმა ადამიანმა მემკვიდრეობით მიიღო ერთი ბინა, ისინი ამ ბინის თანამესაკუთრეები არიან.

საზიარო უფლებებს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. კანონი ითვალისწინებს უფრო კონკრეტულ, სპეციალურ წესებს და დღევანდელ სტატიაშიც სწორედ ამ წესებზე გესაუბრებით.

კანონის მიხედვით, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს თანაბარი წილი ეკუთვნის.

მოაზრდი ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
როდის აგებენ პასუხს მშობლები შვილების ნაცვლად – იცოდეთ თქვენი უფლებები

უფლება ნაყოფზე

საზიარო საგნიდან წარმოიშობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება ნაყოფზე, ანუ ის შემოსავალი თუ უპირატესობა, რაც ამ უფლების გამოყენების შედეგად მიიღება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, თითოეულ მოწილეს თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი ეკუთვნის. მაგალითად, თუ ერთ-ერთი მოწილის წილი შეადგენს ერთ მესამედს, ხოლო მეორის – ორ მესამედს, მაშინ საზიარო ქონებიდან მიღებული შემოსავლის ერთი მესამედი ეკუთვნის პირველს, ხოლო ორი მესამედი – მეორეს. მოწილეთა წილების თანაფარდობა პროპორციულობის პრინციპს ეფუძნება.

მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო ნივთით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას, ანუ ეს წესი ემსახურება უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვას. კოდექსის ეს ნაწილი აწესრიგებს მოწილეთა შიდა ურთიერთობას: მოწილის ინდივიდუალური უფლება წილის გამოყენებაზე იზღუდება იმით, რომ სხვა მოწილეს არ მიაყენოს ზიანი. აქ საუბარია საგნის ფაქტობრივ გამოყენებაზე.

თემიდა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
რა შემთხვევაში აპატიმრებენ ნაფიც მსაჯულს - იცოდეთ თქვენი უფლებები

როგორ იმართება საზიარო საგანი

მოწილეებმა საზიარო საგანი ერთობლივად უნდა მართონ, ამავე დროს თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ის საჭირო ღონისძიებები, რაც საგნის შენახვას სჭირდება, სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშეც განახორციელოს.

თუ ერთი ნივთი რამდენიმე ადამიანს ეკუთვნის, მისი მართვისა და სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას თანამოზიარეები ხმათა უმრავლებით იღებენ. კანონის მიხედვით, ხმათა უმრავლესობა წილთა მიხედვით გამოითვლება.

მაგალითად, როდესაც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის ავტომანქანა, მათ შეუძლიათ თითოეული მოწილისთვის დაადგინონ ამ ავტომანქანით სარგებლობის დღეები, ან მისი გამოყენების სხვა წესი. გადაწყვეტილებას იღებენ ხმების უმრავლესობით (თუ ერთ-ერთი მეწილის წილი შეადგენს ერთ მესამედს, მას აქვს საერთო ხმების ერთი მესამედი). ამასთან, არ შეიძლება წილზე ცალკეული მოწილის უფლების შემცირება სხვა მოწილეთა გადაწყვეტილებით, მოწილის წილი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ მისი თანხმობით.

საოფისე სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
თუ ზეგანაკვეთურად მუშაობთ...იცოდეთ თქვენი უფლებები

თითოეულ მოწილეს უფლება აქვს განკარგოს თავისი წილი, საზიარო საგანს კი განკარგავენ მხოლოდ ერთობლივად. ანუ საზიარო საგნის განკარგვისას საჭიროა ყველა მოწილის თანხმობა, ხოლო წილის განკარგვისას სხვა მოწილეთა თანხმობა საჭირო არ არის. მაგალითად, თუ ბინის თანამესაკუთრეები არიან ბერიძე და ხუციშვილი, თითოეული წილი თანასაკუთრებაში განსაზღვრულია, როგორც ერთი მეორედი ნაწილი. ორივე თანამესაკურეს აქვს უფლება გაყიდოს თავისი წილი ბინაში, თუმცა ისინი ვერ გაყიდიან მთლიან ბინას, თუ არ არსებობს ურთიერთშეთანხმება.

წილის გამსხვისებელი შეზღუდულია მხოლოდ იმით, რომ სხვა მოწილეებს აქვთ გასასხვისებელი წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.

ვის ეკისრება საზიარო საგნის მოვლის ხარჯები?

საზიარო საგნის მოვლა-პატრონობა და სარგებლობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ხარჯებთან. კანონის მიხედვით, თითოეული მოწილე ვალდებულია თავისი წილის თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები. მაგალითად, თუ ერთ-ერთი მოწილის წილი ორი მესამედია, მაშინ მან უნდა გადაიხადოს მთლიანი ხარჯების ორი მესამედი.

თემიდა - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2020
როდის არ დაგსჯით კანონი დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის -  იცოდეთ თქვენი უფლებები

შესაძლებელია თუ არა საზიარო უფლების გაუქმება?

კანონით, თითოეულ მოწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. შესაძლებელია  საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა დადებული შეთანხმებით გამორიცხული იყოს სამუდამოდ, ან განსაზღვრული ვადით. ასეთ შემთხვევაში, თუ არსებობს პატივსადები მიზეზი, მოწილეს შეუძლია უფლების გაუქმების მოთხოვნა.

კოდექსის მიხედვით, ბათილია ისეთი შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ წესებს. მაგალითად, ბათილია შეთანხმება იმაზე, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხოს პატივსადები მიზეზის არსებობის დროსაც.

საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების გაყოფა მოწილეთა შორის კი ხდება კენჭისყრით. მაგალითად, ნატურით შიძლება დაიყოს ნედნეული, სხვადასხვა პროდუქცია. თუ მოწილეებს თანაბარი წილები აქვთ, მაშინ საგნის გაყოფისას თუ რომელი ნაწილი უნდა შეხვდეს ამა თუ იმ მოწილეს, განისაზღვრება კენჭისყრით.

ღობე ეზოს გარშემო  - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2020
როდის შეუძლია მეზობელს თქვენი მიწის ნაკვეთის გამოყენება – იცოდეთ თქვენი უფლებები

მაგრამ არსებობს საგნები, რომლის ნატურით გაყოფა შეუძლებელია, მაგალითად, ავტომანქანა, ან არის შემთხვევები, როდესაც გაყოფა კანონით აკრძალულია, მაგალითად, სასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთი. ასეთ შემთხვევებში საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვით და მონაგების განაწილებით.

აღსანიშნავია, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა არ ექვემდებარება ხანდაზმულობას.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0