პიოტრ აკოპოვი
და პრეზიდენტმაც გამოსვლა სწორედ ამით დაიწყო. ამასთან აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისშივე, როდესაც მსოფლიოში ბევრი ვითარებას სრულიად გაურკვევლად აფასებდა, მას, შფოთვასთან ერთად, მტკიცედ სჯეროდა, რომ ამ გამოცდასთან გამკლავება მოხერხდებოდა.
ამით პუტინს სურდა ხაზი გაესვა, რომ სჯერა რუსეთის ძალებისა ყველაზე მძიმე და გაურკვეველ სიტუაციებშიც კი. ვინაიდან როცა ხალხი ერთიანია, ის დაუმარცხებელია. და ეს მართლაც ასეა.
როგორც პუტინმა თქვა, ისტორიის განმავლობაში რუსი ხალხი იმარჯვებდა და ლახავდა სიძნელეებს ერთიანობის წყალობით და ახლაც „მოქალაქეები, საზოგადოება, სახელმწიფო, ერთ მუშტად შეკრულნი, პასუხისმგებლობითა და სოლიდარულად მოქმედებდნენ“.
პრეზიდენტის თქმით, წინა პლანზე წამოიწია ოჯახმა, მეგობრობამ, ურთიერთდახმარებამ, გულმოწყალებამ, ერთიანობამ — ანუ სწორედ იმ „სამაგრებმა“, რომელზე ხუმრობაც ასე უყვართ „პროგრესულ“ ინდივიდუალისტებს. ამ სულიერ–ზნეობრივმა ფასეულობებმა, რომლებსაც ბევრ ქვეყანაში უკვე ივიწყებენ, პუტინის თქმით, რუსეთი, პირიქით, უფრო ძლიერი გახადა და „ამ ფასეულობებს ჩვენ ყოველთვის დავიცავთ და შევინარჩუნებთ“.
და დავიცავთ არა სიტყვით, არამედ საქმით, ანუ ოჯახებისა და ბავშვების სოციალური მხარდაჭერის ახალი ზომებით, რის თაობაზეც პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა. ეს მხარდაჭერა საჭიროა არა მარტო იმის გამო, რომ კრიზისმა პირველ რიგში ყველაზე ღარიბებს დაარტყა — არა, ეს ხალხის მოფრთხილებისა და გამრავლების სტრატეგიული კურსია, რომელიც, სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთის უმაღლესი ეროვნული პრიორიტეტია.
კორონაკრიზისმა მხოლოდ გააღრმავა რუსეთის უმთავრესი პრობლემა — დემოგრაფიული. პრეზიდენტმა ამ სფეროში არსებულ სიტუაციას პირდაპირ უწოდა საგანგებო. და მთელი რიგი ზომები დაასახელა, რაც მოსახლეობის რაოდენობის სტაბილურ ზრდაზე გაიყვანს ქვეყანას. თანაც ყველაფერი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება — ამ ურთულესი ამოცანის გადასაჭრელად მთავრობა ვალდებული იქნება, უკვე 1 ივლისისთვის მოამზადოს ოჯახებისა და ბავშვების მხარდამჭერი სისტემა.
პუტინის შეთავაზება ამ მიმართულებით ასეთია: გაიზარდოს რთულ სიტუაციაში მყოფი ოჯახებისა და ბავშვების პირდაპირი დახმარება — უკვე არსებულ დახმარებას შვიდ წლამდე ბავშვებისთვის 1 ივლისიდან დაემატოს რვიდან 16 წლამდე ბავშვებზე დახმარებები არასრულ ოჯახებში. ეს მილიონობით ოჯახს შეეხება.
მეორე: დეკრეტში მყოფ დასაქმებულ დედებს, რომლებსაც შვიდ წლამდე ბავშვები ჰყავთ, სტაჟის მიუხედავად, ხელფასის 100% მიეცემათ.
მესამე: დაწესდება ყოველთვიური გადახდები მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი ორსულებისთვის. მომავალმა დედებმა სახელმწიფოს მხარდაჭერა უნდა იგრძნონ — არა მარტო მორალური თუ სამედიცინო, არამედ ფინანსურიც.
ყველა ეს ზომა მნიშვნელოვანია. ვლადიმირ პუტინი თანმიმდევრულად ახორციელებს ოჯახებისა და ბავშვების მხარდამჭერ პოლიტიკას, რომელიც ახლა შარშანდელი საკონსტიტუციო ცვლილებებითაც არის გამყარებული.
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ პრეზიდენტის შემდგომი მიმართვებითაც დაწესდება ოჯახებისა და ბავშვების სოციალური მხარდაჭერის ახალი ფორმები, ვინაიდან რუსეთისთვის მთავარი ეროვნული მიზანი ახლა არის ის, რომ სამშვილიანი ოჯახი ნორმად და მასიურად იქცეს. ამის გარეშე საგანგებო დემოგრაფიული სიტუაციის გარდატეხა ვერ მოხერხდება. ეს არის რუსეთის უმთავრესი გამოწვევა და არა საერთაშორისო ვითარება. მასაც შეიძლება საგანგებო ეწოდოს, მაგრამ რუსეთის არსებობას ის საფრთხეს არ უქმნის.
ეს იმიტომ, რომ რუსეთმა კარგად იცის, ვისთან და რასთან აქვს საქმე და აქვს უნარი, უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და მშვიდობიანი განვითარება. პრეზიდენტის მიმართვის საგარეო პოლიტიკური ნაწილი მოკლე, თუმცა ემოციური და ღია იყო.
განაცხადა რა, რომ ეგოისტური და ამპარტავნული ტონი რუსეთთან საუბრისას უსარგებლოა, პუტინმა პირდაპირ ურჩია ყველას, არ სცადონ რუსეთის პროვოცირება.
„ზოგ ქვეყანაში უღირსზე უღირსი ჩვევა დაამკვიდრეს — ნებისმიერი საბაბით, უფრო ხშირად კი საერთოდ უსაბაბოდ, რუსეთზე თავდასხმა. ეს სპორტის ახალი სახეობაა — ვინ უფრო ხმამაღლა იტყვის რამეს. ჩვენ უკიდურესად თავშეკავებულად — ირონიის გარეშე ვიტყვი — მოკრძალებულად ვიქცევით. ხშირად საერთოდ არ ვპასუხობთ არა მარტო არამეგობრულ აქციებს, არამედ ღია თავხედობასაც კი. ჩვენ კეთილი ურთიერთობები გვსურს გვქონდეს საერთაშორისო არენაზე. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რა ხდება რეალურ ცხოვრებაში. როგორც უკვე ვთქვი, რუსეთს ხან აქედან წაჰკრავენ და ხან იქიდან — ყოველგვარი მიზეზის გარეშე. რა თქმა უნდა, მათ გარშემო, როგორც შერხანის გარშემო, მაშინვე იწყებენ წრიალს წვრილფეხა ტაბაკები. კიპლინგი დიდი მწერალი იყო.
ჩვენ ნამდვილად გვსურს მეგობრული ურთიერთობები გვქონდეს მათთანაც კი, ვისთანაც ბოლო დროს, რბილად რომ ვთქვათ, საქმე არ გვეწყობა. ჩვენ მართლა არ გვსურს ხიდების დაწვა. მაგრამ თუ ვინმე ჩვენს კეთილ ზრახვებს გულგრილობად ან სისუსტედ აღიქვამს და განზრახული აქვს, საბოლოოდ დაწვას ან ააფეთქოს კიდეც ეს ხიდები, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და სასტიკი“, — თქვა პუტინმა.
ეს ფორმულირება, შეიძლება ითქვას, რომ ამომწურავია, მაგრამ პუტინმა მაინც გადაწყვიტა მისი გაძლიერება:
„ნებისმიერი პროვოკაციების ორგანიზატორები, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების ძირეულ ინტერესებს ემუქრებიან, ისე ინანებენ ჩადენილს, როგორც კარგა ხანია არავის უნანია“.
ამასთან რუსეთის პრეზიდენტი არავის ემუქრება, ის მხოლოდ პასუხობს იმათ თავდასხმას, ვინც გამუდმებით უხაზავს რუსეთს წითელ ხაზებს — თანაც იქ, სადაც რუსეთის ეროვნული ინტერესები გადის. პრეზიდენტმა ამ წითელ ხაზებთან დაკავშირებითაც უკიდურესად გარკვევით თქვა:
„იმედი მაქვს, რომ არავის მოუვა თავში აზრად, გადაკვეთოს წითელი ხაზები რუსეთის მიმართ. სად გაივლის ისინი, ამას ჩვენ თავად განვსაზღვრავთ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში“.
დიახ, რუსეთი თავად განსაზღვრავს, რა არის მისი ეროვნული ინტერესები — ქვეყნის შიგნითა თუ საერთაშორისო არენაზე. ეს შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ ანგარიშის გაწევა მოუწევს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს