მშვიდობა და თანამშრომლობა: რაზე ისაუბრეს საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა

© Sputnik / Alex Shlamovსალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც სომხეთის, ისე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. კავკასიის განვითარებისთვის მშვიდობასა და თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სომხეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად თბილისს ხუთშაბათს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა. შეხვედრის საზეიმო ცერემონია ორბელიანის სასახლეში გაიმართა. შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოშია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვია

„ეს ვიზიტი ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. პანდემიამ, რეგიონში განვითარებულმა კონფლიქტმა ხელი ძალიან შეგვიშალა და ვერ შევძელით აქამდე ამ ვიზიტის ორგანიზება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, მიგიღოთ ორბელიანების სასახლეში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, კავკასიის ყველა ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

„თუმცა ბევრად მძიმე იყო რეგიონისთვის და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა, ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო, თანაგრძნობა გამოგიცხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო. კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას, ამის ნიშნად შეთავაზებულ იქნა ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს... ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს - ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული პროექტების განმტკიცებასა და განხორციელებას.

„ვამაყობთ, რომ საქართველოს სომხური წარმოშობის მოქალაქეები სარგებლობენ ამ ქვეყანაში ყველა საშუალებით, რათა შეინარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა. ამავე დროს მეტი უნდა გაკეთდეს და ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან, რათა სახელმწიფო ენას სრულყოფილად დაეუფლონ და მიიღონ სრულყოფილი ინტეგრაცია ქვეყნის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განვითარებაში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს.

ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას პირველად ტელეფონით ესაუბრა

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის... ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მრავალ სხვა სფეროში. არის ასევე თანამშრომლობის დიდი პოტენციალი თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მაღალი ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების განვითარების, კიბერუსაფრთხოების, სურსათის უზრუნველყოფის საკითხებში. ეს თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივია“, – განაცხადა სარქისიანმა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის ინსტიტუტების თანამშრომლობით შესაძლებელია საქართველოსა და სომხეთს შორის თანამედროვე ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავება.

„მზად ვარ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, რომ ბიზნესურთიერთობები განვითარდეს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. თანამშრომლობის ხელშესაწყობად ძალისხმევას არ ვიშურებთ“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა.

საკონტროლო-გამშები პუნქტი „ბავრა“ საქართველო-სომხეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
სომხეთის და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას ID-ბარათებით შეძლებენ?

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა როგორც სომხეთ-საქართველოს მთავრობათშორისი კომისიის, ასევე უწყებათაშორის დონეზე ორმხრივი თანამშრომლობის ამჟამინდელი დონის ასამაღლებლად.

„გეთანხმებით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტებს შეუძლიათ, განსაკუთრებული როლი შეიტანონ ამ საქმეში“, - აღნიშნა სარქისიანმა.

დასასრულს სომხეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში სალომე ზურაბიშვილი სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0