თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით მეორე ვაქცინაცია 21 აპრილიდან დაიწყება. განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
როდის დაიწყება ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია: გამყრელიძის განმარტება >>
14-15 აპრილს საქართველოს მოქალაქეები შეიტყობენ, როდის შეძლებენ Pfizer-ის მეორე აცრაზე რეგისტრაციის გავლას.
რაც შეეხება AstraZeneca-ს, აცრის მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი 12 აპრილს დაიწყო.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს, ჩაიტარონ ვაქცინაცია. მისი თქმით, ფართოვდება იმ კლინიკების ჩამონათვალი, სადაც აცრის ჩატარებაა შესაძლებელი.
„მთავრობის 322-ე დადგენილებაში, რომლითაც პანდემიის პერიოდში ყველა კლინიკა ვალდებული იყო შეექმნა იმუნიზაციის სერვისი, შევიდა ცვლილება. კლინიკებისთვის იმუნიზაციის სერვისები არ იყო რუტინული, ანუ ისინი მას არ აწარმოებდნენ... ახლა, რადგან კოვიდის ვაქცინებზე შედარებით მეტია გვერდითი მოვლენები, ვიდრე, ვთქვათ, ჩვეულებრივ რუტინულ ვაქცინებზე, განსაკუთრებით ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, იმუნიზაცია გადავიდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება ივლისში, როდესაც ქვეყანას ვაქცინების საკმარისი რაოდენობა ექნება.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით. მას 30 მარტიდან Pfizer-ის პრეპარატი დაემატა. 15 მარტიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20.622 ადამიანს ჩაუტარდა (ბოლო 24 საათში – 928 ადამიანს). ბოლო კვირაში აცრების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1200-ს აღწევს.
3 აპრილს საქართველოში შემოვიდა ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა. მისი გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც ის ჯანმოს ავტორიზაციას გაივლის. ერთი თვის შემდეგ საქართველო კიდევ ერთ ჩინურ ვაქცინა Sinovac-ს მიიღებს.
დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.