თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია, დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი იზრდება. ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, გაუარესებულია და რთულდება, დასძინა ეპიდემიოლოგმა.
„დღესდღეობით ქვეყანაში 17-მდე კლასტერია ჩამოყალიბებული, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ შეიძლება ვირუსის მასობრივი გავრცელება დაიწყოს. საბოლოო შედეგის მისაღწევად საჭიროა ქვეყანაში დღეში 3-4 ათასამდე ადამიანი აიცრას" ,- განაცხადა გამყრელიძემ.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით. მას 30 მარტიდან Pfizer-ის პრეპარატი დაემატა – 15 მარტიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20 622 ადამიანს ჩაუტარდა.
3 აპრილს საქართველოში შემოვიდა ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა. მისი გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც ის ჯანმოს ავტორიზაციას გაივლის – დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში. ერთი თვის შემდეგ საქართველო კიდევ ერთ ჩინურ ვაქცინა Sinovac-ს მიიღებს.