თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორ შეძლებენ მაღალი რისკის მქონე პირები ვაქცინაციისთვის დარეგისტირებას>>
გუშინ ევროპის წამლის სააგენტომ [EMA] და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის. კერძოდ, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბის იშვიათი შემთხვევა 25 მლნ აცრილი ადამიანიდან მხოლოდ 86-ს განუვითარდა, შემთხვევების უმეტესობა კი 60 წლამდე ასაკის ქალებზე მოდის.
როგორც გაბუნიამ განმარტა, ორივე ორგანიზაციაში ექსპერტების კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ AstraZeneca-სთან დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა, ვაქცინაციის ფონზე გამოვლინდეს.
„ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს AstraZeneca-ს გამოყენება გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში, მაგალითად, დანიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში AstraZeneca-ს გამოყენება გაგრძელდება 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში, საფრანგეთში 55 წლის ზემოთ მოსახლეობაში, შვედეთში, ესპანეთში – 65 წელს ზემოთ მოსახლეობაში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც გაბუნიამ განაცხადა, საქართველოში ექსპერტების საბჭომ სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელა და რეკომენდაცია გაუწია AstraZeneca-თი ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში.
„ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით შემდგომი გაფართოება ამ ეტაპზე AstraZeneca-სთვის აღარ მოხდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. მაგრამ ვაქცინაციის ტემპები დაბალია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია სულ 15 693 ადამიანს აქვს ჩატარებული.