თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინა უახლოეს პერიოდში ჩამოვა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
ცნობილია, როდის შემოვა საქართველოში ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა>>
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, ის ქვეყანამ გასულ კვირაში მიიღო. პირველ ეტაპზე პრეპარატის 30 ათასამდე დოზა შემოვიდა.
როგორც გაბუნიამ განაცხადა, უახლოეს დღეებში ჩინური წარმოების ვაქცინა Sinopharm ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში Sinopharm-ის 100 ათასამდე დოზა შემოვა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ასევე გაგრძელდება ქვეყანაში COVAX-პლატფორმიდან ვაქცინების მოწოდება. კერძოდ AstraZeneca-ს მეორე პარტია საქართველოში აპრილის ბოლომდე შემოვა.
„AstraZeneca-ს ვაქცინა შესაძლოა ასევე მივიღოთ პირდაპირი გზით მოლაპარაკების შედეგად, თუმცა ამ დეტალებს მოგვიანებით კიდევ დავაზუსტებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით AstraZeneca-ს ვაქცინით 5 ათასამდე მოქალაქეა აცრილი. ხვალიდან, 30 მარტიდან იმუნიზაციის პროცესი ამერიკული Pfizer-ითაც დაიწყება.
როგორ მოემზადოს ადამიანი ვაქცინაციისთვის: ცერცვაძის რეკომენდაცია>>
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობის გამო, 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთნენ.