თბილისი, 27 მარტი – Sputnik. აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, ის ქვეყანამ დღეს მიიღო, პირველ ეტაპზე პრეპარატის 30 ათასამდე დოზა შემოვიდა. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა.
გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქვეყანაში Pfizer-ის, Novavax-ის, Johnson & Johnson-ის და სხვა ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით.
„კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია Sinopharm-თან, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ის ასევე შეეხო ვაქცინაციის პროცესს საქართველოში, რომელიც, მისი თქმით, ძალიან ნელა მიმდინარეობს. მისი თქმით, ვაქცინაცია ამ ტემპით თუ გაგრძელდება, როგორითაც დღეს მიმდინარეობს, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა ვერ მოხერხდება.
„მე ძალიან გაოცებული ვარ, რომ იგივე ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი ასე რატომ პასიურობს. ბევრი მუშაობა გვმართებს. ამ ტემპით ის მიზანი ვერ შესრულდება. ამიტომ ტემპი უნდა დაჩქარდეს და სერიოზული მარაგები შეიქმნას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კორონავირუსის ვაქცინისადმი საზოგადოების უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ახალციხეში 27 წლის მედდა გარდაიცვალა. ექიმების ვერსიით, აცრიდან 30 წუთში მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
ვაქცინისადმი ნდობის გაზრდის მიზნით ურიგოდ ჩაიტარეს ვაქცინაცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან.
საქართველოში ბოლო 24 საათში 179 ადამიანი აიცრა, ამ დროისათვის სულ აცრილია 4.460 ადამიანი, მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა.