07:45 09 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1450
  • 100 RUB4.6319
  • USD3.4324
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
244 0 0

ეპიდემიოლოგები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ აიცრან.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. არანაირი სპეციალური მედიკამენტოზური მომზადება აცრების წინ საჭირო არ არის. ძალიან მცირე გამონაკლისებია და ერთ-ერთია მეტაბლოკერები, რომლებსაც კარდიოლოგიაში რითმის დარღვევებისას იყენებენ, - განაცხადა  ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

ცერცვაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მეტაბლოკერებზე დამოკიდებულ ადამიანს ანაფილაქსია განუვითარდება, ამ დროს ადრენალინის გამოყენებამ შესაძლოა ადამიანი ვერ გადაარჩინოს.

„იმ ადამიანებმა, ვინც მეტაბლოკერებს იღებენ, აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია კარდიოლოგთან და ალერგოლოგ-იმუნოლოგთან. არის 2 გზა: ან დროებით შეწყვეტს პაციენტი მეტაბლოკერის გამოყენებას, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ვაქცინაციის ბრიგადა ამაზე გაფრთხილებული უნდა იყოს. უკიდურეს შემთხვევაში მათ უნდა გამოიყენონ არა ადრენალინი (ანაფილაქსიის დროს - რედ.), არამედ სხვა მედიკამენტი, მაგალითად გლუკაგონი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან ცერცვაძემ ისაუბრა, შესაძლებელია თუ არა კოვიდგადატანილი ადამიანების ვაქცინაცია და გამოჯანმრთელებიდან რამდენი ხნის შემდეგ უნდა აიცრას ასეთი ადამიანი.

„კოვიდგადატანილისთვის ვაქცინაცია არ შეიძლება კოვიდის მწვავე პერიოდში. ამ პერიოდის გავლის შემდეგ ვაქცინაცია შეიძლება, მაგრამ თუ როდის სჯობს ამის გაკეთება, ამას ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად წყვეტს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია მოხდეს კოვიდის დიაგნოზის დადასტურებიდან 120 დღის, ანუ 4 თვის შემდეგ.

„ჩემი აზრით, ეს ოპტიმალური პერიოდია, იმიტომ რომ 4 თვის განმავლობაში კოვიდგადატანილ ადამიანს იცავს ის იმუნიტეტი, რომელიც დატოვა კოვიდმა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა ბავშვთა ვაქცინაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში ბავშვების აცრა არ არის რეკომენდებული.

„არც საქართველოში და არც მსოფლიოში ბავშვები არ იცრებიან, იმიტომ რომ ჯერ არ არის დასრულებული საფუძვლიანი კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა ვაქცინის უსაფრთხოებას ბავშვებისთვის“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ბოლო 24 საათში 179 ადამიანი აიცრა, ამ დროისათვის სულ აცრილია 4.460 ადამიანი, მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი 15 მარტიდან დაიწყო. აქამდე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდებოდა. რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, ის ქვეყანამ 25 მარტს მიიღო. პირველ ეტაპზე პრეპარატის 30 ათასამდე დოზა შემოვიდა.

ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა.

კორონავირუსის ვაქცინისადმი საზოგადოების უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ახალციხეში 27 წლის მედდა გარდაიცვალა. ექიმების ვერსიით, აცრიდან 30 წუთში მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობის გამო გადაწყდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან. ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან.

მთავარი თემები