ირინა ალქსნისი
ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ კი განაცხადა, რომ თავად ის „ეპივაკკორონათი“ აიცრა, რომელიც „ვექტორმა“ შექმნა. მისივე თქმით, რამდენიმე დღეში სამოქალაქო ბრუნვაში ასევე გამოვა ჩუმაკოვის „კოვივაკიც“.
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი ყოველდღიურად წარმოადგენს ანგარიშს ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს წარმატებების შესახებ მსოფლიო ბაზარზე.
ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინური ვაქცინით 100 მლნ-ზე მეტი ადამიანი აიცრა მსოფლიოში.
მოსკოვისა და პეკინის მშვიდი სისტემური მუშაობის ფონზე დასავლეთში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით ევროპაში, იმდენად უსიამოვნო ელფერს იძენს, რომ მის დასახასიათებლად გამოთქმა „იდეალური შტორმი“ გვადგება ენაზე.
ევროპაში კორონავირუსის მესამე ტალღა აგორდა. დაავადებების მორიგი მატების ფარგლებში ხელისუფლებები მათთვის ჩვეული პროტოკოლით მოქმედებენ და კვლავ „ლოკდაუნებს“ აწესებენ. ამას ორი ხილული შედეგი მოსდევს: ახალი დაბრკოლებები ნაციონალური ეკონომიკების აღდგენისთვის და საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდა, რომელიც უკვე ისედაც ძალიან ახლოსაა დუღილის წერტილთან. და ამაზე კვირიდან კვირამდე გაძლიერებული საპროტესტო აქციები მეტყველებს. ეს ყველაფერი ემატება ვაქცინაციის კრიზისს, რომელიც სულ უფრო ემსგავსება ვითარებაზე კონტროლის დაკარგვას.
მზარდი კრიზისის ყველაზე მკაფიო ილუსტრაცია შეიძლება გერმანიაში მიმდინარე მოვლენები იყოს. აუტსაიდერებს ყოველთვის საკმარისად აქვთ პრობლემები, მაგრამ როცა ევროკავშირის ლიდერ და ყველაზე მდიდარ ქვეყანას იგივე თავსატეხი უჩნდება, ეს უკვე ფიქრის მიზეზებს აჩენს.
ანგელა მერკელმა ქვეყანაში „ლოკდაუნი“ 18 აპრილამდე გაახანგრძლივა და ის განსაკუთრებით გაამკაცრა სააღდგომო არდადეგებისთვის, რომელიც გერმანიაში მომდევნო თვის დასაწყისში შედგება.
პარალელურად გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ დღეს მინისტრთა კაბინეტს ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს, რომლის თანახმადაც 2021–2022 წლებში სახელმწიფოს დამატებითი ვალები თითქმის 142 მილიარდ ევროს შეადგენს. სახსრების მეტი ნაწილი პანდემიისგან დაზარალებულ ბიზნესსა და ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება კორონავირუსთან ბრძოლისთვის.
მაგრამ გერმანული საზოგადოება არცთუ მაღალ შეფასებას აძლევს ხელმძღვანელობის ძალისხმევებს. სოციოლოგიური სამსახურის YouGov-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების ორი მესამედი ნეგატიურად აფასებს ფედერალური მთავრობის მოქმედებებს. ამასთან გამოკითხულთა 31% „უფრო უკმაყოფილოა“, 34% კი „ძალიან უკმაყოფილო“.
სხვათა შორის, ყველაზე ცუდად ფასდება ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანის საქმიანობა: მისი ანტირეიტინგი თითქმის 70%-ს აღწევს.
ეს შეიძლება უცნაურად გამოიყურებოდეს: გერმანულმა მედიცინამ ყველაზე ღირსეული მხრიდან წარმოაჩინა თავი პანდემიური კრიზისის უმწვავეს პერიოდებში. მაგრამ გერმანელების უკმაყოფილება დაკავშირებულია არა იმდენად ჯანდაცვის სისტემის მუშაობასთან, რამდენადაც კორუფციასთან. შპანი ახლა ერთ-ერთი სკანდალის ეპიცენტრშია, რომელიც გერმანიაში მმართველი პარტიის გარშემო მძვინვარებს. აღმოჩნდა, რომ შპანის სამინისტრომ გასულ წელს ნახევარ მილიონზე მეტი პირბადე შეიძინა ფირმისგან, რომელშიც ხელმძღვანელი პოსტი მის მეუღლეს უკავია.
და ეს ერთნაირსქესიანი წყვილის გარშემო არსებული ერთადერთი საეჭვო ისტორია არ არის.
2020 წლის ზაფხულში მეუღლეებმა ბერლინის ფეშენებელურ რაიონში მდიდრული ვილა შეიძინეს, რომელსაც არქიტექტურის ძეგლის სტატუსი აქვს. ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ შენაძენისთვის აღებული კრედიტის ძირითადი ნაწილი მათ მისცა ბანკმა, რომლის ხელმძღვანელობაშიც შპანი რამდენიმე წლის წინ შედიოდა. როდესაც მასმედიაში ხმაური ატყდა, მინისტრი მათ გაჩუმებას შეეცადა და სასამართლოს გზით აუკრძალა ჟურნალისტებს უძრავ ქონებაში გადახდილი ზუსტი თანხის გამოქვეყნება — აქაოდა, ეს კერძო საქმეაო. მაგრამ ამ დღეებში შპანმა ამ საკითხშიც მარცხი განიცადა — ჟურნალ Spiegel-ის ინფორმაციით, ვილის ღირებულება 4,125 მლნ ევროა.
არადა, გერმანიაში ფედერალურ საპარლამენტო არჩევნებამდე ნახევარი წელი რჩება. ასე რომ, ასეთი ანტურაჟის ფონზე სრულიად გასაგებია, რატომ აფასებენ ანალიტიკოსები ანგელა მერკელის თანაპარტიელების პერსპექტივებს ესოდენ არახელსაყრელად.
და თითქოს ეს ცოტა იყოს, ახლა გერმანია, ისევე, როგორც ევროკავშირი, ახალ, თუმცა სრულიად მოსალოდნელ უბედურებას შეეჯახნენ. ვაქცინაციის ევროპულმა პოლიტიკამ თავისი კანონზომიერი ნაყოფი გამოიღო მკვეთრად მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების სახით. პირველ რიგში დარტყმის ქვეშ, რაღა თქმა უნდა, AstraZeneca აღმოჩნდა. YouGov-ის გამოკითხვის თანახმად, ინგლისურ–შვედური ვაქცინა უსაფრთხოდ მხოლოდ გერმანელთა 32%-ს მიაჩნია. საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაშიც მსგავსი შედეგები ფიქსირდება. ხოლო პოლონეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70% უარს ამბობს ამ ვაქცინით აცრაზე.
ბოლო მოვლენების ფონზე სხვაგვარი შედეგი მოსალოდნელი არც იყო. AstraZeneca-ს გამოყენება ხან ჩერდება, ხან ისევ იწყება. ცალკეული ქვეყნები თავიდან იშორებენ უკვე შეძენილ დოზებს, სამაგიეროდ ბრიუსელი ევროკავშირიდან მედიკამენტის ექსპორტის აკრძალვით იმუქრება.
წამლების ევროპულმა სააგენტომ ვერ აღმოაჩინა კავშირი თრომბოზის შემთხვევებსა და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას შორის. სამაგიეროდ ეს ერთბაშად ორმა კვლევითმა ჯგუფმა დაადგინა გერმანიასა და ნორვეგიაში — ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ახლა კი აშშ-ის ალერგიებისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმაც „შეუკეთა შეშა ცეცხლს“ და განაცხადა, რომ ფარმაკომპანიას შეეძლო არასრული მონაცემები წარმოედგინა თავისი პრეპარატის შედეგიანობის თაობაზე.
აშკარაა, რომ ამ უთანხმოების მთავარი შედეგი — საზოგადოებრივი ნდობის დაცემაა არა მარტო კონკრეტული პრეპარატის, არამედ ოფიციალური სტრუქტურების მიმართაც, რომლებიც აქეთ-იქით აწყდებიან.
ძველი სიბრძნე ამბობს, მშვიდობის დროს გაქცეული გენერალი სიცილს იწვევს, ხოლო ომის დროს — პანიკასო. ეს გამონათქვამი არანაკლებად შეესაბამება სახელმწიფო მართვასაც. კრიზისის დროს თანმიმდევრულად და გარეგნულად მშვიდად გატარებულ არასწორ გადაწყვეტილებებსაც კი იმაზე ნაკლები ზიანის მიყენება შეუძლია, ვიდრე პასუხისმგებელი პირების აქეთ-იქით სირბილს, რომელიც დაბნეულობასა და არაპროფესიონალიზმს აშიშვლებს.
თუმცა, არსებობს ამ წესიდან გამონაკლისიც. ძალიან არაგონივრულია საჯარო სიჯიუტე, როდესაც შეცდომა უკვე ძალიან აშკარაა. მაგრამ ევროკავშირმა ხელიდან არ გაუშვა შანსი, შეცდომა დაეშვა, როდესაც ანგელა მერკელის, იტალიის პრემიერისა და სხვა ევროპელი ლიდერების განცხადებების შემდეგ „სპუტნიკ V“-ს შეძენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ევროკავშირის შიდა ბაზრის საკითხთა ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირს რუსული ვაქცინა არ დასჭირდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს