თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველო ამ ეტაპზე არ განიხილავს ქვეყანაში რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"-ს შემოტანის საკითხს, რადგან ეს საკმაოდ სენსიტიური თემაა და გარკვეულწილად პოლიტიკურ რაკურსში გადადის - ასე უპასუხა ონლაინ პრესკონფერენციაზე Sputnik-საქართველოს კითხვას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
„ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია და ეს არამარტო სამედიცინო საკითხია, ეს გარკვეულწილად პოლიტიკურ რაკურსში გადადის. როგორც ზოგადად მსოფლიოში, კოვიდ-ვაქცინა დიდი პოლიტიკის საგანი გახდა. დიდი შვიდეული, დავოსი, მიუნხენი - ყველა ამ დიდ შეხვედრაზე ვაქცინა ნომერ პირველი საკითხი იყო. ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება, რადგან ვაქცინა „სპუტნიკV"-ს ანალოგია AstraZeneca, რომელიც უკვე არის ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველოში მოქმედი წესებით, ქვეყანაში შემოტანილმა ყველა ვაქცინამ ჯანმოს ავტორიზება უნდა გაიაროს, რუსულ ვაქცინას კი ეს ავტორიზება ჯერ არ აქვს მიღებული.
თავის მხრივ, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა არ გამორიცხა, რომ კერძო კომპანიები მომავალში ქვეყანაში შემოიტანენ რუსულ ვაქცინას, ანდა ის ჯანმოს ავტორიზებას გაივლის.
ევროპის სამედიცინო სააგენტომ რუსული ვაქცინის შემოწმება 4 მარტს დაიწყო. პროცესში ჩართულმა წყარომ განაცხადა, რომ მისი საბოლოო დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა მაისში იქნას მიღებული.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის ცენტრში შემუშავდა. ეს პრეპარატი მსოფლიოში პირველი აღმოჩნდა კორონავირუსის ოფიციალურად დარეგისტრირებულ ვაქცინებს შორის. „სპუტნიკ V” ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზეა შექმნილი.
სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკ V“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.
ამჟამად „სპუტნიკ V“ მსოფლიოს ათობით ქვეყანაშია მოწონებული, მათ შორის, სომხეთში, ბელარუსში, არგენტინაში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მოლდოვაში, სლოვაკეთში და ა.შ.