თბილისი, 24 მარტი – Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ლადო კახაძე AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა>>
როგორც ცერცვაძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოვიდა, მის მიმართ უპრეცედენტო პასიურობა და უდიდესი სკეპტიციზმია, ხოლო ხალხი აღარ ასრულებს რეგულაციებს.
„ფაქტობრივად, მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით, პირბადის ტარებაზე. 70% იყო პირბადის ტარების მაჩვენებელი, ახლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშო ნიშანია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მასზე უარის თქმის არავითარი საფუძველი არ არსებობს.
„სრულმასშატაბიან ვაქცინაციას ვერ ვატარებთ. დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას. AstraZeneca მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა. დადგინდა ეს, ყველა მკაცრმა მარეგულირებელმა გააკეთა განცხადება. ძალიან ბევრი ქვეყნის პირველი პირი აიცრა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრი, მეტი რა ვქნათ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. დღეიდან კი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას – Pfizer-ს ელოდებიან. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი (54 ათასი ადამიანი) ექვემდებარება. ბოლო მონაცემებით, სულ აცრილია 4 048 ადამიანი.
კორონავირუსზე, სავარაუდოდ, 100 ცნობილ ადამიანს „ურიგოდ" აცრიან>>
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან. ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან. ამ მიზნით პირდაპირ ეთერში ჩაიტარეს ვაქცინაცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.