თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას, რომლებიც, თავის მხრივ, მრავალმილიონიან ინვესტიციებს იზიდავს, განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ 2020 წელს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე.
შესრულებულ სამუშაოს და 2021 წლის გეგმების პრეზენტაცია ონლაინ რეჟიმში შედგა.
საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში სტარტაპების მხარდაჭერას. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 2014 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეიქმნა. სააგენტოს მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და ამ სფეროს ხელშეწყობა. სააგენტო ხელს უწყობს სამეწარმეო და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.
კასრაძის თქმით, სააგენტოს დაფინანსებულმა სტარტაპებმა 35 მილიონი ლარის კერძო ინვესტიციების მოზიდვა შეძლეს, აქედან 28 მილიონი ლარი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, 2020 წელს მოიზიდეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 11.3 მილიონ ლარს შეადგენს.
გასულ წელს 15 ათას ლარის მოცულობის საგრანტო პროგრამების ფარგლებში ჯამურად გამოვლინდა 77 სტარტაპი.
2020 წელს 15 ათას ლარიან საგრანტო პროგრამაში 27 გამარჯვებული სტარტაპია, 2021 წელს დაფინანსდება 25 პროექტი. 2020 წელს 100 ათას ლარიან თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებულია 40 სტარტაპი და 2021 წელსაც დაფინანსდება 40 სტარტაპი. გარდა ამისა, 2020 წელს 650 ათას ლარიან საგრანტო პროგრამაში 10 გამარჯვებული სტარტაპია და 2021 წელს ამ ოდენობის თანხით დაფინანსდება ამდენივე პროექტი.
სააგენტოს ინიციატივითა და „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში შემოვიდა მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორი 500 Startups. 2020-2021 წლებში აქსელერაცია გაიარა 30-მა სტარტაპმა, რომლებმაც პირველი სამი თვის განმავლობაში 4.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხეს. საბოლოო ჯამში შეირჩა 4 ფინალისტი სტარტაპი, რომლებიც წელს თავიანთ კომპანიებს ინვესტორების წინაშე აშშ-ში, „სილიკონის ველზე“ (Silicon Valley) წარადგენენ.
COVID-19-ის პანდემიის დროს სააგენტომ არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა და, ახალი გამოწვევების საპასუხოდ, სხვადასხვა ინიციატივებისა და ჰაკათონების მეშვეობით შეიქმნა ისეთი პროდუქტები, როგორიც არის, მაგალითად, MIZ-Mask – მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისგან დამცავი ელექტრონიღაბი, რომელმაც წარმატებული ლაბორატორიული კვლევების შემდეგ მიიღო პატენტი საქართველოში.
2020 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დაიწყო 3000 IT-სპეციალისტის გადამზადების საპილოტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კურსს საქართველოს 600-მდე მოქალაქე გადის. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის რეფორმა, რომლის მიხედვითაც IT-კომპანიებს, რომლებიც უცხოეთში ყიდიან თავიანთ პროდუქტს, საშემოსავლო და მოგების გადასახადი 5%-მდე შეუმცირდათ, ხოლო ქონების და დღგ-ის გადასახადი გაუუქმდათ. სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში 2020 წლის ოქტომბრიდან საქართველოში შემოვიდა ორი მსხვილი ამერიკული IT-კომპანია – EPAM და Exadel, რომელთაც საქართველოს 100-მდე მოქალაქე დაასაქმეს.
ასევე, გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის კასრაძემ დაასახელა ახალი ტექნოპარკების გახსნა ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. მისი თქმით, წელს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაზე 22 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ჯამში სააგენტოს პროექტები 10 ათასზე მეტ ბენეფიციარს გააერთიანებს.