კრისტიან დანიელსონი, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, საქართველოში ჩამოვიდა ერთადერთი მისიით – ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძიება.
მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატი საქართველოში დაგეგმილზე მეტხანს დარჩა, მხარეთა პოზიციების დაახლოება მაინც ვერ მოხერხდა. ბოლო მოლაპარაკება ცხრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. მაგრამ არაფერი შეცვლილა – ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ხელისუფლება კი ამ მოთხოვნას არ თანხმდება.
თანხვედრის წერტილები არ არსებობს
რატომ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად? ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, მთავარი მიზეზი – მხარეებს შორის თანხვედრის წერტილების არარსებობაა.
„მმართველი პარტია აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს არ გადახედავს და რომ საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები. ოპოზიცია კი, პირველ რიგში, ითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მელიასა და რურუას პოლიტპატიმრებად აღიარებას. არავითარი თანხვედრის წერტილები არ არსებობს და შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული“, – აღნიშნა ჩიტაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
ექსპერტის აზრით, მხარეებს მომავალშიც გაუჭირდებათ გარკვეული შეთანხმების მიღწევა.
„მით უმეტეს, მომავალში მოლაპარაკებები არც იქნება. იქნება საპროტესტო აქციები, რომლებსაც ოპოზიცია გამართავს. თუმცა, ხელისუფლება ისარგებლებს იმით, რომ ქუჩაში არც ისე ბევრი ხალხი გამოდის პროტესტის ნიშნად. ასე რომ, არასტაბილურობა შენარჩუნდება. თუმცა, რადიკალური ცვლილებები ჯერ მოსალოდნელი არ არის“, – დაასკვნა ჩიტაძემ.
ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს
მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ პარტიას ეკისრება და ამისათვის მას მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ბრიფინგზე.
„ჩვენ ამ მოლაპარაკებებში აქტიურად ვმონაწილეობდით. ეს ჩვენი მხრიდან გარკვეული კომპრომისი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თავმჯდომარე დააკავეს და ჩაატარეს სპეცოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში, ჩვენ ვმონაწილეობდით ამ მოლაპარაკებებში, ეს იყო დათმობა. თუნდაც ის იყო დათმობა, რომ ჩვენ გარკვეულწილად შევარბილეთ საპროტესტო მუხტი. ამ კრიზისში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. პოლიტიკური ფასი ძალიან დიდი იქნება – გარდა საერთაშორისო წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, ბუნებრივია, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი“, – აღნიშნა მინაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის თქმით, ოპოზიციამ მმართველ პარტიას მოლაპარაკებების პროცესში მოქნილობა აჩვენა.
„ამ მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური დევნა და სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარეობს. და ის, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ შევძელით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, აჩვენებს ჩვენ მზადყოფნას მოლაპარაკების პროცესისთვის. გარდა ამისა, უშუალოდ შეთანხმების საკითხებთან დაკავშირებით ვაჩვენეთ ხელისუფლებას ძალიან დიდი მოქნილობა“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.
„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ პოლიტიკოსები მოლაპარაკებაზე შეთანხმების მიღწევის მიზნით არ მისულან.
„ჩემი აზრით, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ მოსულები შეთანხმების მიზნით, ამიტომ ვერ მოხდა შეთანხმება. პუნქტები არ არის მნიშვნელოვანი, უნდა გამოვიდეთ ამ პუნქტების ტყვეობიდან. ნებისმიერ პუნქტზე, თუ მას შინაარსობრივად შევხედავთ, შესაძლებელია მოიძებნოს კომპრომისული ვერსია, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. თუ რაიმე გვინდა, მოვიფიქროთ ისეთი ფორმატი, სადაც სულ მცირე ისეთი ხალხი შეიკრიბება, რომლებსაც წინასწარ აქვთ განსაზღვრული მოლაპარაკების წარმატება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
„ქართული ოცნების“ არგუმენტები
ოპოზიციის ბრალდებებს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უპასუხეს და აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია კონსტრუქციული იყო.
„ოპოზიციის რიგებში არსებობდა ძალა, რომელსაც არ ჰქონდა განწყობა, მოლაპარაკება შემდგარიყო. სხვათა შორის, იმთავითვე ცნობილი იყო... ვითარებას თუ შევაფასებთ, ხელისუფლების მხრიდან ყველა საკითხთან დაკავშირებით კონსტრუქციული დამოკიდებულება იყო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ოპოზიციის კომპრომისი მხოლოდ ის იყო, რომ ისინი უბრალოდ ისხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ვერ გააცნობიერეს, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გარდა, არსებობს უფრო მაღალი ინტერესი, რომელსაც ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესები ჰქვია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
მსგავსი ქმედებებით ოპოზიცია ზიანს აყენებს საქართველოსა და ხალხს, რომელმაც მათ მისცა ხმა, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„ოპოზიციამ სრულიად გაუგებარი მიზეზებით თქვა უარი მანდატებზე და ცდილობს პროცესების ქუჩაში გადატანას“, – განაცხადა დეპუტატმა.
ყველაფერი ან არაფერი
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ოპოზიცია და მმართველი პარტია ვერ შეთანხმდნენ, ვინაიდან არც ერთი მხარე არ იყო მზად კომპრომისისთვის.
„როგორც კი საუბარი შეეხო ორ პუნქტს – ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრებს, რასაკვირველია, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა. მეორე მხრივ, ოპოზიციამ განაცხადა: ან ყველაფერი, ან არაფერი. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ მოლაპარაკება ამ შედეგით დასრულდებოდა. და ასეც მოხდა. ახლა ოპოზიციას ქუჩის იმედიღა დარჩა. მაგრამ ამ მხრივ ოპოზიციას მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ხელისუფლებას“, – მიიჩნევს ძაბირაძე.
პოლიტოლოგის სიტყვებით, ოპოზიცია ვერ მოიპოვებს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას, ვინაიდან მათ არაერთხელ მოუწოდეს პარლამენტში შესვლისკენ.
„ისინი ამას არ გეგმავენ. ამიტომ დაიწყება პერმანენტული აქციები. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, მოსახლეობა დღეს არ არის მზად, აქტიურად ჩაერთოს საპროტესტო მოძრაობაში. ამიტომ იქნება მუდმივი პროტესტის მცდელობები და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთი მხარე არ დაიღლება ან აქციებში მონაწილეობა აზრს არ დაკარგავს“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენას, მაგრამ უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ უარს აცხადებს შედეგების აღიარებაზე და ახალ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება ამ საკითხს „წითელ ხაზს“ უწოდებს და არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მოლაპარაკების პროცესში იგი ოპოზიციას სხვა საკითხებზე მსჯელობას სთავაზობს.